შეწყალების კომისიამ 131 პატიმარს შეწყალებაზე რეკომენდაცია მისცა

შეწყალების კომისიამ 131 პატიმარს შეწყალებაზე რეკომენდაცია მისცა

შეწყალების კომისიამ 430 საქმიდან დადებითი რეკომენდაცია 131 პატიმარზე გასცა. 


შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, 131 პატიმრიდან 118 პატიმარი საპყრობილეს დატოვებს, 12-ს სასჯელი გაუნახევრდება, ერთ პატიმარს კი ერთი წელი მოეხსნება.

თევდორაძის თქმით, მხოლოდ ერთი პატიმრის საკითხი დარჩა ღია და კომისიამ სახალხო დამცველს სთხოვა, რომ ის ციხეში მოინახულოს. „ამ პატიმარს სასჯელის ნახევარი მოხდილი არ აქვს, მძიმე დანაშაულისთვის არის გასამართლებული, თუმცა ამჟამად  მძიმე ავადმყოფია.  თუ დადასტურდა, რომ იგი ნამდვილად მძიმე ავადმყოფია, შეწყალებულთა სიას დაემატება“, - აცხადებს თევდორაძე.

მისივე ინფორმაციით, იმ პატიმრებს შორის, რომლებზეც დადებითი რეკომენდაცია გაიცა, არიან ნარკომომხმარებლები, პირველადი ქურდობისთვის მსჯავრდებულები და, ძირითადად, ეკონომიკური დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები. თუმცა, თევდორაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა მათგანს სასჯელის ნახევარი მოხდილი აქვს.


გარდა ამისა, მისი თქმით, პრეზიდენტის სახელზე საპატიმროებიდან გარკვეული რაოდენობის საქმეებზე შევიდა შუამდგომლობა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ კომისია ამ საქმეების განხილვას ვეღარ ასწრებს, პრეზიდენტი გამოიყენებს თავის უფლებას და კომისიის გვერდის ავლით მიიღებს გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, ელენე თევდორაძე არ გამორიცხავს, რომ სიას კიდევ რამდენიმე პატიმრის გვარი დაემატოს.


ელენე თევდორაძის განცხადებით, კომისია ყველანაირად ეცდება, რომ შეწყალებულმა პატიმრებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებები 27 დეკემბერს დატოვონ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: