შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული თამაზ პ-ი დააკავეს.
სამმართველოს ინფორმაციით, ბრალდებულს რუსთავში ღლონტის ქუჩაზე მცხოვრები ბეჟანიშვილების ოჯახის ყაჩაღობაში ედება ბრალი. ბოროტმოქმედმა ოჯახში მყოფ ქალბატონს დანით მრავლობითი დაზიანებები ყელისა და თავის არეში მიაყენა. სახლში ბებია და 5 წლის შვილიშვილი იმყოფებოდნენ. დაზარალებულ ქალბატონს სასწრაფო სამედიცინო სტაციონარული დახმარება გაეწია. ის ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობს. მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ქვემო ქართლის სამმართველოს ინფორმციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.