შსს-მ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 25 დეკემბერს, თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების, გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოსა და თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, 1949 წელს დაბადებული ციალა ნიკოლაძის განზრახ მკვლელობისთვის, 1963 წელს დაბადებული ვაჟა ა. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ციალა ნიკოლაძის ოჯახსა და ვაჟა ა-ს, საცხოვრებელი ფართის გამო, წლების განმავლობაში უთანხმოება ჰქონდათ. 25 დეკემბერს, თბილისში, დაახლოებით 16:00 საათზე, ბახმაროს ქუჩაზე ვაჟა ა. ჩაუსაფრდა ციალა ნიკოლაძეს და ცეცხლსასროლი იარაღით, ზურგის არეში რამდენიმე გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრა. ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, დანაშაულის ადგილიდან მკვლელობის იარაღი - "ნაგანის" სისტემის რევოლვერი, 4 ცალი მასრა და 2 ტყვიის გულა ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლების პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს. საქმეს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილება იძიებს.