პროკურატურასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
მთავარ პროკურატურასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პროკურატურის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმის საგანია მხარეებს შორის ურთიერთგაგებისა და პატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული თანამშრომლობა.
ხელმომწერი მხარეები მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებისას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში არსებული ნორმების მხარეთა მიერ ერთგვაროვანი განმარტების, სისხლის სამართლის მატერიალურ და საპროცესო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოვლენისა და აღმოფხვრის, დაცვისა და ბრალდების მხარის კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და მათი მხრიდან სასამართლო სხდომებზე ქცევის ერთიანი ეთიკური სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობას ისახავენ მიზნად.
ღონისძიებას პროკურატურის თანამშრომლები, ადვოკატები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.