რა შუაშია ბურჯანაძე?!
ბევრი "გულთმისანი" მიმტკიცებს, რომ 27 ოქტომბრიდან ყველაფერი კარგად იქნება - საპრეზიდენტო არჩევნებში ივანიშვილის ფავორიტი გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს და ამით წერტილი დაესმება "ნაციონალების" ათ წლიან მარაზმს საქართველოში!
ვერ დავეთანხმები ოპონენტებს უბრალო მიზეზის გამო, რომ მარგველაშვილის გაპრეზიდენტება ავტომატურად ვერ მოხსნის ყბადაღებული კოჰაბიტაციის პრობლემას და ისევ გაურკვეველ რეჟიმში მოგვიწევს ცხოვრება. რას ვგულისხმობ?
ვიდრე ამ კითხვაზე პასუხს გავცემდე, ერთ არსებით დეტალზე გავამახვილებ მკითხველის ყურადღებას. ქვეყანაში მარგველაშვილის გაპრეზიდენტების პრობლემა იმდენად არ არის, რამდენადაც არჩევნების საერთო შედეგების - ვინ გავა "საპატიო" მეორე ადგილზე!
მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალების" და მათი ტვინგადაბრუნებული მხარდამჭერების მთელი პიარ-მანქანა (ე.წ. შავ პიარს ვგულისხმობ) ბურჯანაძის საწინააღმდეგოდ მუშაობს, ამომრჩეველმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ბურჯანაძემ შთამბეჭდავი შედეგები აჩვენოს და ამით მთლიანად ჩაშალოს "ნაციონალების" მზაკვრული ჩანაფიქრი, რომელიც საბოლოო ჯამში მათ პოლიტიკურ რეანიმაციას ითვალისწინებს. ისეთი პირი უჩანს, რომ "ნაციონალები" თავიანთი ჭკუით რევანშისთვის კბილებსაც ილესავენ!
სამწუხაროდ, ახლაც ვერ ხერხდება გაერთიანება ერთიანი ოპოზიციის კანდიდატის გარშემო, რომელიც დამაჯერებელს გახდიდა არჩევნების შედეგებს და "ნაციონალური" რეჟიმის მფარველებს დაარწმუნებდა იმაში, რომ ქართველმა ხალხმა მათ ზურგი საბოლოოდ შეაქცია...
მართალია სალომე ზურაბიშვილი ჯერ პრეზიდენტობის კანდიდატად არ დარეგისტრირებულა, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობით იგი აშკარად წააართმევს გარკვეულ ხმებს არასაპარლამენტო ოპოზიციის რეალურ კანდიდატს, რაც "ნაციონალების" სასარგებლოდ იმუშავებს!
რაც შეეხება სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებს, საარჩევნო მარათონზე ისინი ამინდს ვერ ქმნიან, მაგრამ, ზოგიერთებს თავიანთი მცირე ელექტორატი მაინც ეყოლებათ, რაც ისევ და ისევ ხმების დაქსაქსვას შეუწყობს ხელს.ასევ საარჩევნო წინაღობად შეიძლება ჩაითვალოს ცესკო-ს ყოფილი თავჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის გადაწყვეტილება თანანმდებობიდან გადადგომის თაობაზე, რომლის არსებითი მიზანი უახლოეს ხანებში გაიშიფრება, თუმცა, არა ჩვენს სასარგებლოდ!
ახლა დავუბრუნდეტ კითხვას : რატომ არ დაუსვამს საბოლოო წერტილს "ნაცონალების" თავხედობას საქართველოში მარგველაშვილის გაპრეზიდენტება?!
ჩავიხედოთ საქართველოს კონსტიტუციაში: კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, რომელიც ძალაში შედის პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე, მომავალი პრეზიდენტის უფლებამოსილება არსებითად განსხვავდება დღევანდელი პრეზიდენტის უფლებამოსილებისგან. მარტივად რომ ვთქვათ, არსებითად იკვეცება მისი უფლებები და იგი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებაში მხოლოდ "კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევაში" ერევა. მომავალი პრეზიდენტი უფრო სახელმწიფოს სიმბოლოა და წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო ურთიერთობებში. არის უმაღლესი მთავარსარდალი და საჭიროების შემთხვევაში ასრულებს "მომრიგებელი მოსამართლის" როლს მთავრობასა და პარლამენტს შორის.
აქედან გამომდინარე, ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ მარგველაშვილი პრეზიდენტად არჩევისთანავე ყველაფერს დაალაგებს. საქმე უფრო სხვაგვარადაა - არჩევნების შედეგებმა უნდა დააყენოს ქვეყანა ვადანდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წინაშე, რომლის აუცილებლობა მხოლოდ "ნაციონალების" პოლიტიკური კრახის შემთხვევაში დადგება. სწორედ ეს აიძულებთ მათ მიმართონ ყველანაირ პიარ ტექნოლოგიას, რომ ბურჯანაძეს საშიში და საქართველოსთვის მიუღებელი პოლიტიკოსის იმიჯი შეუქმნან და ამით ჩამოიშორონ რეალური მოწინაამღდეგე მეორე ადგილისთვის ბრძოლაში.
ვიყოთ გულახდილი: რომელი უფრო დიდი საფრთხეა საქართველოსთვის - ცხვრის ქურქში გახვეული "ნაციონალები", თუ პოლიტიკურ ბრძოლაში გამობრძმედილი და სწორი ორიენტაციაარჩეული ბურჯანაძე?! მითუმეტეს, საქართველოში დამკვიდრებული მენტალობის წყალობით (რადგან მარგველაშვილი ივანიშვილის ფავორიტია, აუცილებლად უნდა ავირჩიოთ) მას ნაკლები შანსი აქვს გაიმარჯვოს საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა მარგველაშვილს ღირსეულ წინაამღდეგობას მაინც გაუწევს!
ეს მოცემულობა კი საკმარისი იქნება იმასათვის, რომ ხელოვნურად შეკოწიწებული და პერსპექტივაში აშკარა საფრთხის შემცველი კოალიცია დაიშალოს და "ნაციონალებსაც" იქ ვუკრათ თავი, სადაც ჯერ არს! (ამ შემთხვევაში მათი პოლიტიური სივრციდან განდევნას ვგულისხმობ).
მათთვის, ვინც ბურჯანაძის აპოლოგეტობას მაბრალებს, ვაცხადებ: როცა მის მხარდაჭერაზე ვსაუბრობ, წინა პლანზე ვაყენებ საქართველოს ინტერესებს - დღევანდელ მოცემულობაში სწორედ ბურჯანაძეა ერთადერთი პოლიტიკოსი, ვინც დასაბამს დაუდებს ახალ პოლიტიკურ რეალობას!
შეიძლება ადამიანს პოლიტიკური ხედვა და ალღო არ გააჩნდეს, მაგრამ ელემენტარული აზროვნებაც საკმარისია იმისათვის, რომ ამ სახიფათო თამაშში დიდი და პატარა ბოროტების გარჩევა მოვახერხოთ.
წინ შენიღბული და უშეღავათო ბრძოლები გველის. დღეს მოჩვენებითი უპირატესობა ფარისევლების ხელშია, მაგრამ საბოლოოდ სიკეთე ბოროტებას ყოველთვის ამარცხებს!
უფალი შეგვეწიოს!