გეები და ლესბოსელები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან, მაგრამ მათი დაწყვილება არ უნდა დავაკანონოთ!

გეები და ლესბოსელები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან, მაგრამ მათი დაწყვილება არ უნდა დავაკანონოთ!

პოლარულად განსხვავებული ინტერპრეტაციები მოჰყვა ჩემს ფეისბუქ-სტატუსს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ცნობილ ინიციატივას („ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ერთობა“) ეხებოდა.

 

 

საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა ისეთი, ვინც მხარი დაუჭირა ჩემს პათოსს და ღარიბაშვილის ინიციატივა მოიწონა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც აქცენტი საქართველოს ევროკავშირში მიღება-ამიღებაზე გადაიტანეს - ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველოს მაინც არავინ მიიღებს ევროკავშირში (ამის საილუსტრაციოდ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი მოჰყავთ) და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდეს!

 

არც მე ვამტკიცებ, რომ საქართველო გრიალ-გრიალით შეაბიჯებს ევროპის „ძმურ ოჯახში“, მაგრამ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სახელმწიფოს კანონების ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო ორი ათეული წელია ქართველი პოლიტიკოსები ზედმიწევნით ასრულებენ საერთაშორისო სტრუქტურების მოთხოვნებს, არ არსებობს გარანტია, რომ ჩვენი ტრადიციებისთვის მიუღებელი სტანდარტების ხელმოწერაზეც „წაუცდეთ“ ხელი და ეს ქვეყანაში „კარგი ცხოვრების“ (ევროპული „სტანდარტების“) დამკვიდრების მიზეზით ახსნიან(?!)

 

სამწუხაროდ, დღემდე ვერავინ მიხსნის, რას ნიშნავს ევროპული, ანუ „კარგი“ ცხოვრება _ ევროკავშირში გაწევრიანება  ავტომატურად მაძლევს თუ არა მე „სრული კომფორტის“ შექმნის საშუალებას და რაც მთავარია, არის თუ არა ეს მოჩვენებითი კომფორტი საკუთარ ტრადიციაზე (საკუთარ იდენტობაზე) ხელის აღების საპირწონე?!

 

როცა ქართველების უპირობო გაევროპელობაზე ვსაუბრობთ, უპირველესად უნდა დავადგინოთ, რა მისცა ევროკავშირმა მის წევრ სახელმწიფოებს და რას მიიღებს და რას დაკარგავს ამ საერთაშორისო გაერთიანებაში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველო?!

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროპის „ძმურ ოჯახში“ შესვლა ბევრი ჩვენი თანამემამულისთვის თითქმის პანაცეად იქცა, მათ გაცნობიერებული არა აქვთ ის პლიუსები და მინუსები, რაც ამ არჩევანს შეიძლება მოჰყვეს (მე პირადად სკეპტიკურად ვუყურებ საქართველოს ევროკავშირში შესვლის პერსპექტივას _ სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ ევროპულ სტანდარტებს ვერ დავაკმაყოფილებთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ მოსამზადებელ პერიოდში გამოუსწორებელი შეცდომები არ დავუშვათ!).

 

ახლა ისევ ღარიბაშვილის ინიციატივას დავუბრუნდები, რომელსაც პოლიტიკოსებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მისცეს _ ყველამ ისე გაიგო, როგორც თვითონ აწყობდა გაეგო!

 

 დღეს მსოფლიოში გაბატონებული პრინციპებიდან (ლიბერალურ პრინციპებს ვგულისხმობ) გამომდინარე, ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრის ინიციატივა არც თუ ისე „დემოკრატიულად“ ჟღერს - საქართველოს კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიციის ასეთი ფორმით განსაზღვრება ეწინააღმდეგება ევროპულ კანონმდებლობას, რომელიც სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას, ანუ, საბოლოო ჯამში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას გულისხმობს! რაც არ უნდა ამტკიცონ, რომ ეს პოსტულატი ნებაყოფლობითია, ჩვენ ისეთი „ჯიშისა“ ვართ, საქართველოში ამას სავალდებულო ხასიათი მიეცემა!

 

აქედან გამომდინარე, ფრიად საყურადღებოა ღარიბაშვილის ინიციატივა, თუმცა, ძნელი ამოსახსნელია რა იმალება ამ განცხადების მიღმა და რამდენად თანმიმდევრული იქნება პრემიერ-მინისტრი საკუთარი პოზიციის ბოლომდე მისაყვანად.

 

თუ ოჯახის ღარიბაშვილისეული დეფინიცია კონსტიტუციურ ნორმად იქცევა, ეს იმას ნიშნავს, რომ აქედანვე უარს ვამბობთ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე. თუმცა, პრემიერის ინიციატივა ჯერ კიდევ არ ნიშნავს პრობლემის გადაწყვეტას - პირიქით, ამან შეიძლება დესტრუქციული (ორთოდოქს-ლიბერალური) ძალების კიდევ უფრო შემჭიდროებას შეუწყოს ხელი და ქვეყანა ახალი დილემის წინაშე დადგეს (უკვე 5 მინისტრის შეთქმულებაზე და ღარიბაშვილის თამაშგარე მდგომარეობაში ჩაყენებაზეც საუბრობენ)!

 

მიუხედავად იმისა, რომ 17 მაისს გეიაღლუმის ჩატარებას არ აანონსებენ, არ არის გამორიცხული, ეს დღე დაგეგმილი არეულობისთვის (თბილისური მაიდნის) მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს!

 

რა თქმა უნდა, ჩემთვისაც მიუღებელია ქალაქის ცენტრში გეიაღლუმის ჩატარება, მაგრამ ელემენტარული სურვილი არა მაქვს მის დასაშლელად „ტაბურეტკიანი“ მღვდლები ვიხილო. არც იმის სურვილი მაქვს, ეს ავადმყოფები _ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მიმდევრები, დასისხლიანებული გავუშვათ სახლში და ამით „დემოკრატიულ სამყაროს“ ჩვენი „ველურობა“ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ!..

 

გეები და ლესბოსელები დასაბამიდან არსებობდნენ და მომავალშიც იქნებიან - მათი ამოძირკვა ჩვენს ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატება. აქედან გამომდინარე, ისინი უნდა მივიღოთ ისეთნი, როგორებიც არიან, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი სექსუალური ორიენტაციის სტიმულირება მოვახდინოთ და მათი ფიზიკური ერთობა (ქორწინება) დავაკანონოთ!

 

მახსოვს, ჩემს ახალგაზრდობაში, ათეისტური იდეოლოგიით გაბანგულებს, როგორ გვიკვირდა, როცა ე.წ. ცნობად სახეებს „პედარასტად“ მოიხსენიებდნენ. იყო ლესბოსელობის მაგალითებიც, მაგრამ მათი „საქმიანობა“ იატაკქვეშეთს არ გასცილებია! ვინმესთვის რომ გეთქვა- გეი ან ლესბოსელი ხარო, შეიძლება თავიც გაეტეხათ ან საციმბიროდ გაემწესებინეთ...

 

ნანატრმა დასავლურმა დემოკრატიამ სექსუალური თავისუფლების ბაცილა შემოიტანა ჩვენს რეალობაშიც და ახლა იმას გვიკიჟინებენ, როგორ უნდა დავიცვათ სექსუალური უმცირესობების უფლებები და როგორ უნდა ჩავაყენოთ ისინი პრივილეგირებულ მდგომარეობაში („ცივი ნიავი“ არ უნდა მივაკაროთ)!

 

მე არა იმდენად სექსუალური გადახრების მიმდევრები მაღიზიანებს, რამდენადაც  მათი უფლებების ე.წ. დამცველები, რომლებიც „მწვანეზე“ დაგეშილები მზად არიან არეულობა (დეზორგანიზაცია) შემოიტანონ ქვეყანაში და ახალი განსაცდელის წინაშე დაგვაყენონ!.. არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მიმდევრების მიმართ საზოგადოების აგრესია იმდენად დიდია, რომ ადვილად შესაძლებელია, გეიაღლუმის ჩატარების მცდელობა საკმარისი აღმოჩნდეს „ნაციონალური“ გეგმის („თბილისური მაიდნის“) სისრულეში მოსაყვანად, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას თავისთავად გამორიცხავს, მაგრამ უფრო ღრმა უფსკრულისკენ წაიყვანს ქვეყანას!.

 

აქედან გამომდინარე, ყველაზე არსებითია როგორი იქნება ხელისუფლების პოზიცია-მოახერხებს თუ არა იგი სიტუაციის დარეგულირებას და მოსალოდნელი პროვოკაციის თავიდან აცილებას!..

 

ვფიქრობ, ამ ფონზე შემთხვევითი არ არის ღარიბაშვილის ინიციატივა- რომ კონსტიტუციური გარანტიები შეიქმნას ქართული მართლმადიდებლური ოჯახის ტრადიციის შესანარჩუნებლად. დიახ, პრემიერმა ანკესი ისროლა, მალე გამოჩნდება ვინ წამოეგება ამ ანკესზე, ან რამდენად მიზანსწრაფულად იყო იგი ნასროლი კარსმომდგარი 17 მაისის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინ.

 

ერთი რამ ცხადია: ეს არის გარკვეული მესიჯი საზოგადოებისთვის, რომ შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ქართული ოჯახის ტრადიციას და პილატესი არ იყოს, ღარიბაშვილიც „ხელს იბანს“ მოსალოდნელი განსაცდელის მოლოდინში, ან პირიქით, ის ცდილობს საზოგადოების განწყობას ამოეფაროს. (არადა, საზოგადოებას  უფრო ის აინტერესებს, რამდენად კარგად მიბეგვეს „ნაცების“ ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურა - ბოცო წიკლაური.)

 

P.S. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: გეები და ლესბოსელები მითაჟამიდან იყვნენ და მომავალშიც იქნებიან, მათი ამოშანთვა აგრესიითა და სისხლიანი ანგარიშსწორებით შეუძლებელია. ცხრათავიანი დევისა არ იყოს, თავს მოჭრი და ისევ ახალი აღმოცენდება. არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მიმდევრების შემთხვევაშიც ასე იქნება - კიდევ უფრო გაიზრდება გეო-ლესბოსელთა და მათი უფლებების „დამცველთა“ რიცხვი. ძნელია დღევანდელ საზოგადოებას მათ მიმართ ტოლერანტობა მოსთხოვო, ამას სათანადო სულიერ სიმაღლეზე ასვლა სჭირდება - იმის გააზრება სჭირდება, რომ ყველაფერი უფლის დაშვებით ხდება და ობიექტური მსაჯულის როლიც მას უნდა დავაკისროთ!

 

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია მოთმინებით შევხედოთ ძეშეცდომილ თანამოქალაქეებს, შესაძლებლობების ფარგლებში ხელი შევუშალოთ სექსუალური აღვირახსნილობის სტიმულირებას(პროპაგანდას) და რაც ყველაზე მთავარია, არ დავაკანონოთ მათი დაწყვილება!

 

ზაურ ნაჭყებია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: