რუსთაველზე სისხლის სუნი მცემს!.. ანუ ვინ დაამხობს ხელისუფლებას?!
არც წინასწარმეტყველებას ვიჩემებ, არც სპეცსამსახურებთან მქონია ოდესმე კავშირი, არც მსტოვრები გამოუგზავნიათ ჩემთვის რუსეთიდან და ამერიკიდან, მაგრამ, რატომღაც გული მიგრძნობს, რომ მოულოდნელად საქართველოში სიტუაცია აირევა და რუსთაველზე სისხლის კალო შეიძლება დაატრიალონ. სამწუხაროდ, ყველაფერი იქითკენ მიდის!
მე არ მჯერა სააკაშვილის ზღაპრების, რომ თითქოს რუსეთს საქართველოს საბოლოო ანექსია აქვს გადაწყვეტილი და ომი გარდაუვალია, მაგრამ მის სიტყვებში უფრო სამოქალაქო (ძმათამკვლელი) ომის საფრთხეებს ვკითხულობ…
წინათგრძნობებს კიდევ უფრო ამძაფრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებაც, რომ „ნაციონალები“ თავიანთი დირიჟორის (სააკაშvილის) წინამძღოლობით დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავენ, რომლის მიზანი ხელისუფლების დამხობის მცდელობა იქნება!
გაოცდები პირდაპირ: შენ ხარ მთავრობა, გყავს პოლიცია და სპეცსამსახურები, რომელსაც ქვეყანაში დესტრუქციული ძალების გამოვლენა და უწესრიგობის აღკვეთა ევალება. თუ იცი, რომ ხელისუფლების დამხობა იგეგმება და ისიც იცი, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, გამოიყენე შენი უფლებამოსილება და დროულად აღკვეთე იგი!
თუ დღევანდელმა მთავრობამ პრევენციული ზომები არ გაატარა და „ნაციონალები“ და მათი დამქაშები თავის მხარდამჭერ-პატრონებიანად სოროში არ შეაძვრინა, გამოდის, რომ დიდ შეთქმულებასთან გვქონია საქმე, რომლის მიზანი საქართველოს კიდევ უფრო დასუსტება და მისი საბოლოო მარგინალიზებაიქნება!
აქსიომაა: ქვეყანაში მოსალოდნელ კატაკლიზმებზე (ბუნებრივს არ ვგულისხმობ) პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო „ნაციონალების“ გაუუვნებელყოფა, ანუ პოლიტიკურ მოუსავლეთში მათი გამგზავრება და დაგვიტოვა მთავრობა, რომელსაც თურმე დესტრუქციულ ძალებთან ბრძოლის უნარი არ გააჩნია! მიუხედავად იმისა, რომ მან პილატესავით ხელები უკვე დაიბანა, რომაელი ჯალათივით საუკუნო პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა _ ეს პასუხისმგებლობა იმაზე მძიმე იქნება, ვიდრე მას წარმოუდგენია!..
მე არ მჯერა, რომ რუსეთი საკუთარი ინიციატივით მოხდენს საქართველოს ხელახალ ანექსიას, მაგრამ თუ რუსთაველზე სისხლიანი დაპირისპირების - სამოქალაქო ომის პროვოცირება მოხერხდა, დარწმუნებული ვარ, მედიატორის როლს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აუცილებლად შეასრულებს და ეს ერთადერთი გამოსავალი იქნება ძმათამკვლელ ომში ჩათრეული საქართველოსთვის!
სხვების არ ვიცი, მაგრამ მე გული შემტკივა იმ თანამემამულეებზე, რომლებმაც დღემდე ვერ გააცნობიერეს, თუ რა ბოროტებასთან გვქონდა საქმე ამ უახლოეს წარსულში და რა საშიშროებას შეიცავს „ნაციონალების“ არა მარტო ხელისუფლებაში დაბრუნება, არამედ, სამოქალაქო ომის პროვოცირებაც კი საქართველოსთვის.
შინაგან საქმეთა მინისტრის ასეთი განცხადების შემდეგ არ შეიძლება საზოგადოება მოლოდინის რეჟიმში დარჩეს- დროა შემოვკრათ განგაშის ზარები და თუ ხელისუფლებას არ ძალუძს წინ აღუდგეს მორიგ ბოროტებას, პრევენციული ღონისძიებების გატარების ფუნქცია საზოგადოებამ უნდა იკისროს და ხელისუფლებას, როგორც უსუსურს და უნიათოს, კარებისკენ დროულად მიუთითოს!
რაც შეეხება „რუსულ ჩექმას“, ეტყობა, ბევრს გაუცნობიერებლად უკვე მოენატრა იგი. ღმერთმა ნუ ქნას, სისხლიანი დაპირისპირების მომსწრენი გავხდეთ, თორემ, წყალი არ გაუვა, რუსეთი თავის „მშვიდობიან“ მისიას აუცილებლად შეასრულებს და მერე რამდენიც უნდათ, იმდენი იძახონ ევროპამ და ამერიკამ - უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას რუსეთმა თავი დაანებოსო და სანქციებიც დაუწესონ, რუსეთი მაინც თავისას გააკეთებს!
მე მაინც სისხლის სუნი მცემს რუსთაველზე - „ნაციონალებს“ თავიანთი მზაკვრული ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად სხვა არაფერი დარჩენიათ...
იფხიზლე ერო!
P.S.ჭიკაიძისგან განსხვავებით ამ სცენარის გათამაშების უფრო მაისში მეშინია - რატომღაც ასე ამეკვიატა!
ზიგფრიდ მწარიაშვილი