ნინო ბურჯანაძე: -„ხელისუფლებამ გააცოცხლა „ნაციონალური მოძრაობა“
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, პოლიტპატიმრების აქციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც გააკეთა.
-“მე შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, მაგრამ არ მაქვს შესაბამისი ინფორმაცია, რაც ალბათ აქვს შინაგან საქმეთა მინისტრს, თუმცა პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ძალოვანი უწყების, სამართალდამცავი უწყებების და პროკურატურის საქმიანობა, ინფორმაციის მოპოვება და გამოძიების წარმართვა ნამდვილად არ შეესაბამება იმ მაღალ მოთხოვნებს და სტანდარტებს, რაც უნდა იყოს. მათ კომპეტენციაში ხშირად ეჭვი მეპარება.
ერთი რამ შემიძლია გითხრათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ოდნავ თუ მიეცემა საბაბი და საშუალება იმისა, რომ ქვეყანაში ვითარება არიოს, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დესტაბილიზაცია შემოიტანოს. ამას გაბედავს ახალი ხელისუფლების უსუსურობის, არაკომპეტენტურობის გამო და იმის გამო, რომ ამ ხელისუფლებამ არა და არ დააყენა საშველი სამართლიანობის აღდგენას.
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სახსენებელი აღარ იქნებოდა ქვეყანაში. რაიმე რომ მოხდეს და მართლაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომ შეძლოს ვითარების არევა, ეს იქნება პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის და დღევანდელი ხელისუფლების ბრალი. მათი დაპირებების არ შესრულების ბრალი, რამაც გააცოცხლა “ნაციონალური მოძრაობა”-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.