“დემოკრატიული მოძრაობა” :-„ხელისუფლება არ უსმენს საზოგადოებას“
2013 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული იქნა კანონპროექტი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც ეხება კულტრული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის გამარტივებული წესით მოხსნას.
„დემოკრატიულმა მოძრაობამ“ მაშინვე გააპროტესტა გაუგებარი და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ცვლილებები. „დემოკრატიული მოძრაობის“ იურიდიული სამსახურის წარმომადგენელმა ქეთი ზაქარეიშვილმა სპაციალურად გამართულ ბრიფინგზე მოძრაობის სახელით განცხადება გაავრცელა.
-„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა შესაძლებელი გახდება განსაკუთრებულ შემთხვევებში და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას. თუმცა, არსადაა დაკონკრეტებული თუ რა იგულისხმება თითოეული ასეთი პირობის უკან, რის გამოც იქმნება სერიოზული საფრთხე სუბიექტურად იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები, რაც პირდაპირ კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას შეუწყობს ხელს.
იუნესკოს მიერ საკითხით დაინტერესება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაც ჩვენ არა ერთხელ გაგვიცხადებია. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება, წინამორბედის მსგავსად არ უსმენს საზოგადოებას და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის რეგულირების დროს, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობა, მხოლოდ საკუთარი ინტერესების გატანას ცდილობს.
„დემოკრატიული მოძრაობა“ კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას არ მიიღოს იმგვარი გადაწყვეტილება, რომელიც გამოყენებული იქნება ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. არსებული კანონმდებლობით, ისედაც მრავალი ძეგლი განადგურდა რეაბილიტაცია- რეკონსტრუქციის ფასადს ამოფარებული. ხოლო კულტურული ძეგლის სტატუსის მოხსნის ასეთი გამარტივებული წესი, უდავოდ სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანს“.