გენერალი თამაზ თამაზაშვილი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი გახდა
ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი გახდა, რომელიც პრემიერ – მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია. თამაზაშვილი კახეთის გუბერნატორთან ირაკლი შიოლაშვილთან და შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსთან ბესიკ ამირანაშვილთან ერთად, ახმეტაში ქართული ჭიდაობის ჩემპიონატს დაესწრო და გამარჯვებულები დააჯილდოვა. ქართულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა 1998-1999 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის გაიმართა, შეჯიბრის მთავარი მსაჯი თავად ჭიდაობის პრეზიდენტი გახლდათ. აქვე შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვიული პირი და ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრად დაინიშნა, როგორც მისი, ასევე მეუღლის მხრიდან ნათესავები და ახლობლები მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ.
„თქვენ არ გსმენიათ, რომ ცოლის მხრიდან ნათესავი არ არის ნათესავი“, – ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი მისი გამინისტრების შემდეგ თანამდებობებზე ნათესავების დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
ქეთი ხაჟალია