ირაკლი ალასანიამ ამერიკელ კონგრესმენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას და ამერიკელ კონგრესმენ მაიკლ ტერნერს შორის დღეს, სატელეფონო საუბარი შედგა. თავდაცვის მინისტრმა, ამერიკელ კონგრესმენს, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.
მხარეებმა სატელეფონო საუბრისას, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საუბარი, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.
გასულ სამშაბათს კონგრესმენმა აშშ-ის მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ნატოს მომავალ სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას მხარი დაუჭიროს.