მსჯავრდებულთათვის უფასო გრძელვადიანი პაემნები ამოქმედდება
მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან დარეგისტრირებულნი, უფასო გრძელვადიანი პაემნით სარგებლობა შეეძლებათ. ინიციატივის ავტორია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი.
დღემდე მოქმედი კანონმდებლობით, მსჯავრდებულთათვის ხანგრძლივი პაემანი ფასიანია. იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულთა უმრავლესობა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან, ბევრი მათგანი პაემნისთვის საჭირო თანხის გამო ვერ ახერხებდა ოჯახის წევრებთან შეხვედრას.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებთან და გარე სამყაროსთან კონტაქტი....
ამავე ინიციატივის ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილებებით, არასრულწლოვანთათვის ხანგრძლივი პაემნის საფასური განახევრდა და 30 ლარს შეადგენს.
აღნიშნულ საკითხზე მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წევრების ინფორმირების მიზნით, სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში საინფორმაციო კამპანია დაიწყება.