როდის გაათავისუფლებენ დაკავებულ "TV 3"-ის ჟურნალისტებს?

როდის გაათავისუფლებენ დაკავებულ "TV 3"-ის  ჟურნალისტებს?

   რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული არიან ტელეკომპანია "TV 3"-ის გადამღები ჯგუფი – ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი. 

   დაკავების შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს. მისი ცნობით, ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყო ჩასული, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. 

   ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა დაკავებულები რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ.

   -"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია დაკავების შესახებ. ჩვენი ცხელი ხაზის საშუალებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. აქტივირებულია ჩვენი ცხელი ხაზი, რომელიც ეხმარება მხარეებს, დაუკავშირდნენ ერთმანეთს და მიდის მოლაპარაკებები, რათა ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ", - განაცხადა EUMM-ის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნინო სუხიტაშვილმა.

   როგორც სუხიტაშვილი ამბობს, ასევე მოლაპარკებებში ჩართულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები.

   ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის მტკიცებით, ქართველმა ჟურნალისტებმა ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. ამის შესახებ განცხადება დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა გააკეთა.

   თავად ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და ტელეკომპანიამ აღნიშნული ფაქტის შესახებ მძღოლისგან შეიტყვეს.

   -"დაახლოებით 16:15 სთ–ზე ინფორმაცია მივიღეთ, რომ  ჩვენი გადამღები ჯგუფი რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. ესენი არიან: ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახტანგ ლეკიაშვილი და ჩართვის ჯგუფის წარმომადგენელი მიხეილ მიხოევი. ჩვენ ვამზადებთ რეპორტაჟს მცოცავ ოკუპაციაზე და იმ ტაძარზე, რომელიც საოკუპაციო ზოლის მეორე მხარეს მოხვდა. ამის გამო იყვნენ ისინი წასულები. მძღოლისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომელიც მოშორებით იდგა და ამ ყველაფერს უყურებდა, რომ ისინი დააკავეს. საქმეში ჩართულები არიან შს სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ევროკავშირის მონიტორები. მეტი ინფორმაცია არ გვაქვს. ტელეფონები გათიშულია და ვერ ვუკავშირდებით",– განაცხადა იმედა დარსალიამ.

   რაც შეეხება დაკავებულთა ადგილმდებარეობას, ევროკავშირის მისიისთვის ეს ინფორმაცია უცნობია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: