უჩა ნანუაშვილი:-"ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის მანკიერი პრაქტიკა გრძელდება"
საქართველოს სახალხო დამცველი "TV 3"-ის ჟურნალისტ ბელა ზაქაიძის, ოპერატორ ბახო ლეკიაშვილისა და ტექნიკური თანამშრომლის მიხეილ მიხოევის სოფელ აძვში დაკავების ფაქტს სახალხო დამცველი გამოეხმაურა და მთელი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრა.
-"სამწუხაროა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო პირთა დაკავების ფაქტები რუსი სამხედროებისა თუ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენს. მიუხედავად მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებებისა, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის მანკიერი პრაქტიკა, ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ რუსი სამხედროების მხრიდან, ინტენსიურად გრძელდება. ჟურნალისტთა თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მიმართონ ყველა შესაძლო ზომებს დაკავებული ჟურნალისტების უსაფრთხოდ და დაუყოვნებლივ გათავისუფლებისათვის"-აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა დაკავებულები რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ. დაკავებულთა ადგილმდებარეობა ევროკავშირის მისიისთვის უცნობია. ჟურნალისტებთან დაკავშირება შეუძლებელია, რადგან ტელეფონებიც გათიშულია.