დაკავებულ ჟურნალისტებს სავარაუდოდ დღეს გაათავისუფლებენ
სოფელ აძვთან "TV 3"-ის ჟურნალისტების დაკავების ფაქტზე კომენტარს აკეთებს შს სამინისტრო და აცხადებს, რომ მათ გასათავისუფლებლად საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გოჩა რატიანი ადასტურებს და დასძენს, რომ დაკავებული ჟურნალისტები სავარაუდოდ ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებიან.
ქართველი ჟურნალისტების გასათავისუფლებლად მოლაპარაკების პროცესში ჩართულია ეროვნული უშიშროების საბჭო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და სამოქალაქო შერიგების სამინისტრო.
გვიან ღამით დაკავებულებს ტელეფონით დარეკვის უფლება მისცეს და მათ ოჯახის წევრებთან დაკავშირება შეძლეს. ჟურნალისტების მხრიდან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ გაცხადებულა.
ტელეკომპანია "თV 3"-ის გენერალური დირექტორის გრიგოლ ბაიბურთის თქმით, ჟურნალისტების გასათავისუფლებლად მოლაპარაკების პროცესში ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, ასევე დიპლომატიური კორპუსია ჩართული. მისი განცხადებით ჟურნალისტები თავს კარგად გრძნობენ და სავარაუდოდ დღეს გამოუშვებენ.
შეგახსენებთ, რომ სოფელ აძვთან რუსმა ოკუპანტებმა "თV 3"- ის გადამღები ჯგუფის წევრები - ბელა ზაქაიძე, ვახო ლეკიაშვილი და პირდაპირი ჩართვის ტექნიკური ჯგუფის თანამშრომელი მიხეილ მიხოევი გუშინ დააკავეს.