რუსეთის საგარეო უწყება ჟურნალისტების "საზღვარზე" გადასვლას წინასწარ დაგეგმილ აქციად აფასებს
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტი ქართველი ჟურნალისტების დაკავების ფაქტს ეხმაურება და ავრცელებს განცხადებას, რომლის ტექსტსაც "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ:
"15 აპრილს რუსმა მესაზღვრეებმა, რომლებიც სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების თანახმად, სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან საზღვარს იცავენ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამი ქართველი ტელეჟურნალისტი დააკავეს. მოქმედი წესის თანახმად, დაკავებულები სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას გადაეცათ.
არსებული მონაცემები ამტკიცებს, რომ საზღვრის დამრღვევები განზრახ და დემონსტრაციულად გადავიდნენ საზღვრისპირა ქართულ სოფელ აძვიდან მოსაზღვრე სამხრეთოსურ დასახლებულ პუნქტში, სადაც სასაზღვრე ინფრასტრუქტურის გადაღება დაიწყეს.
ძნელია ეს ყველაფერი შეფასდეს, თუ არა როგორც წინასწარ დაგეგმილი აქცია დღეს პრაღაში მიმდინარე იმ შეხვედრის ატმოსფეროს დაძაბვის მიზნით, რომელზეც ერთმანეთს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ხვდებიან.
საგულისხმოა, რომ მსგავსი პროვოკაციების ორგანიზება პრაღის მორიგი შეხვედრის წინ პირველად როდი ხდება. ეს ყველაფერი, ისევე, როგორც ბოლო დროს გავრცელებული ზღაპრები "რუსული თვითმფრინავების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ" მოწმობს, რომ ქართულ საზოგადოებაში გრძელდება ბრძოლა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მსურველ და სააკაშვილის რეჟიმის მიერ გატარებული მტრული განწყობის გამწვავების კურსის მომხრე ძალებს შორის", ნათქვამია უწყების განცხადებაში.