სალომე ზურაბიშვილი:-"დროა სიტყვა დავუთმოთ ბრალდებულს..."
პარტია "საქართველოს გზის" საპატიო ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილზე "თავი არასოდეს დაუდვია", მაგრამ საჭიროა მისგან ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხის მოსმენა, რადგან გამოსვლა, რომელმაც ფბ-ზე ასეთი ალიაქოთი გამოიწვია, "საქართველოს გზის" ლიდერს ერთსახოვნად არ ეჩვენება.
-"არავისზე თავს აღარ დავდებ! და მარგველაშვილზე, მოგეხსენებათ, არც არასოდეს დამიდვია მე პირადად, ზოგიერთებისგან განსხვავებით, მაგრამ…..
ან ეს არის შეგნებული პრეზიდენტის გამოსვლა რომელიც, იმის მიუხედავად რომ არსებულმა ხელისუფლებამ ვერა და ვერ შეძლო "ნაციონალური მოძრაობისთვის" თავისი ადგილის მინიჭება - ვინ დამნაშავე და მათ პასუხი აგებინოს და ვინ არა - იცის, გააცნობიერა და ამიდან გამომდინარე თავს გრძნობს სრულიად საქართველოს პრეზიდენტად (რა დონეზეც სააკაშვილი ვერასოდეს ვერ ავიდა) და ასედაც იქცევა - ანუ როგორც ყველა და თითეული მოქალაქის პრეზიდენტი… რაც - თუ ასეა - სრულიად მისაღებია და კიდევაც მისასალმებელი.
ან კიდევ ასეთი შეგნებიდან შორსაა და მხოლოდ ვიწრო პოლიტიკურ და თავისთავის გადარჩენის განზრახვით მოქმედებს და ამ გათვლებიდან გამომდინარე "ნაცებთან" გაურკვევლ და დაუშვებელ კავშირებს ამყარებს. მე პირადად არ ვიცი და ვერ ვიტყვი, ამ ორი ვერსიიდან რომელია მართალი და ის, რომ გაურკვევლი და ჩვენ დასაბნევად დაარსებული მედიასააგენტოები ჩემზე ბევრად კატეგორიულად ან ერთ ან მეორე ვერსიას ამკვიდრებენ, არაფერს ნიშნავს. მათ ნამდვილად ვერ დავეყრდნობით.
ჩვენ, როგორც საზოგადოებას, ვალდებულება გვაქვს, პირველივე ცილისწამებაზე არ დავჯერდეთ და სიმართლისკენ ვიყოთ მისწრაფებულნი და მედია, ახლადაღდგენილი "საზოგადოებრივი არხი", თავისუფალი და მიუკერძოებელი არხები (თუ ასეთები არიან ახლა უნდა დაამტკიცონ) არხები იმისთვის არსებობენ, რომ ჩვენთვის ეს გაუგებრობა გაფანტონ და სიმართლე გამოამჟღავნონ.
მაგალითად, ველოდები მარგველაშვილის სრულყოფილ ინტერვიუს, სადაც კითხვები პირდაპირ და ამომწურავად იქნება დასმული… სანამ ვინმეს გავკიცხავდეთ, სანამ ჩვენ თავს სიმართლის და სიკეთის დარაჯებად ჩავთვლიდეთ, დროა სიტყვა დავუთმოთ ბრალდებულს და მისგან მოვისმინოთ იმ დღეს "ნაცებთან" რისი დამტკიცება უნდოდა, რას აპირებდა და ეს როგორ ჯდება მის მიერ დაპირებულ ფორმულაში "2 ოქტომბერს კოჰაბიტაცია დასრულდება!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.