„საიდუმლო სერობა“ და თეა წულუკიანის აღსარება
შუბი, რომ ხალათში არ იმალება, ეს ამბავი რიგით მოკვდავთათვის დიდი ხანია ცნობილია. უკვე ათასგზის ნაცად გამოთქმას, მხოლოდ ძლიერნი ამა სოფლისანი არ ეთანხმებიან და სულ ტყუილად. მედიისთვის კიდევ ერთი საიდუმლო სერობის შესახებ გახდა ცნობილი.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და ქართული სატელევიზიო სივრცის პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანების დახურულ კარს მიღმა შეხვდრის შესახებ წერს "პრაიმერი". გამოცემის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ტელეკომპანია "მაესტროდან" დიანა ტრაპაიძე და თეონა გეგელია, "იმედიდან" თეა სიჭინავა, "რუსთავი 2"-დან ნინო შუბლაძე და "პალიტრა tV"-დან მერაბ მეტრეველი.
როგორც გამოცემა წერს, სატელევიზიო თოქშოუს წამყვანებთან იუსტიციის მინისტრმა ბევრ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა. განსაკუთრებული ინტერესი მედიის წარმომადგენლებს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ირგვლივ გამოუჩენიათ. შესაბამისად, დასმულა კითხვაც: მართლა დადის თუ არა ფარცხალაძე დღესაც პროკურატურისა და იუსტიციის შენობაში, რაზეც თეა წულუკიანს გულწრფელად გაუცია პასუხი: " – ფარცხალაძეს მოძღვარი ყავს იმ ეკლესიაში, რომელიც შენობის პირველ სართულზე მდებარეობს და აღსარების შემდეგ, ნამდვილად, შეუვლის ხოლმე, მის მეგობრებს და ეკონტაქტება მათ."
ჟურნლისტები ასევე დაინტერესდნენ იმ თემით, იცოდა თუ არა წულუკიანმა ფარცხალაძის წარსულის შესახებ და ამ ნაწილშიც გულწრფელი პასუხი ქონია მინისტრს: " – გერმანიაში მომხდარი ქურდობის ფაქტის შესახებ ვიცოდი, დეტალების გასარკვევად დავურეკე ფარცხალაძეს და როცა ამ თემაზე შეკითხვა დავუსვი, მისი პასუხი ასეთი იყო: – ახლა ბერას ფართზე ვიმყოფები და ვერ დაგელაპარაკებითო."
პროკურატურის თემაზე იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარი, არჩილ კბილაშვილის "ფიგურალური" ჩინოსნობით განაგრძო და აღნიშნა, რომ თავის დროზე კბილაშვილი გააფრთხილა, რომ "ეს კლანი მას შეჭამდა." როცა კბილაშვილს წასვლამდე დახმარებისთვის დაურეკავს, თეა წულუკიანს უთქვამს – "ახლა რა გიშველო, პროკურატურაზე იუსტიციის სამინისტროს გავლენა აღარ აქვსო.
თეა წულუკიანმა ტელევიზიის წამყვანებს იმ საკითხზეც ესაუბრა, რომ კარგად იცის მისი და ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ აგორებული შავი პიარი საიდან მოდის და ვინ დგას ამ კამპანიის უკან. მინისტრს ჟურნალისტებისთვის არ დაუმალავს, რომ მან ღია ტექსტით დაურეკა და უთხრა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი ზედელაშვილს, რატომ ხარჯავთ ამდენ ფულს ჩემი და ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ მასალების გამოქვეყნებაშიო. იუსტიციის მინისტრის შემდეგი მესიჯი იყო ის, რომ ასოცირების ხელშეკრულებას თუ ხელი არ მოეწერება, ეს იქნება წყალგამყოფი, რომ შავი პიარი მიდის მხოლოდ დასავლური ორიენტაციის მინისტრებზე. თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მთავრობაში მიდის მსჯელობა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გაუქმების თაობაზე.
"საიდუმლო სერობაზე" ბევრი ითქვა ლაშა ნაცვლიშვილზეც, რომლის შესახებ იუსტიციის მინისტრისგან ჟურნალისტებმა ის შეიტყვეს, რომ ნაცვლიშვილს ქვეყნიდან კომპრომატები გაუტანია.
"პრაიმერის" წყაროს განცხადებით, ყველაზე შოკისმომგვრელი ჟურნალისტებისთვის, იუსტიციის მინისტრის აღიარება იყო: – "ძალიან მაინტერესებს რა წესია, პოლიციის ერთი ნაწილი კვერცხებს რომ ისვრის და მეორე ნაწილი ამ ნასროლ კვერცხებს იგერიებსო". ამ აღიარებით წულუკიანმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ე.წ. კვერცხების აქციას პოლიცია ლობირებს.
ბაია დარსაველიძე