აღდგომამდე საყდრისისგან აღარაფერი დაგვრჩება?!.
დღეს, 16 საათზე საყდრისში, ძეგლის მცველთა ბანაკში პრესკონფერენცია გაიმართება. 19 საათზე კი საყდრისის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის წევრები საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეიკრიბებიან, სადაც 20:00 საათზე მინისტრი გურამ ოდიშარიაა მიწვეული.
ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი საყდრისიდან მიმართავს საზოგადოებას და ყველას საყდრისის დაცვისკენ მოუწოდებს.
-"ჟურნალისტებს, არაჟურნალისტებს, საქართველოს მთავრობის წევრებს, საყდრისის გულშემატკივრებს, აბსოლუტურად ყველას, ვინც თვლით, რომ წარსულის დაცვით ვიცავთ ჩვენს მომავალს, ვინც თვლით, რომ ჩვენი ძალა ჩვენს ტრადიციებში, რწმენაში და კულტურული მემკვიდრეობაშია: აქ, საყდრისში ეს ქვეყანა ჯერჯერობით ჩალითაა დახურული - საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს ნგრევას დღეს დილიდან გაათმაგებული ძალით შეუდგნენ. კულტურის მინისტრს ორივე ტელეფონზე დავურეკე, არ მიპასუხა (შეიძლება არ ეცალა და ეს გასაგებია), ესემესებიც ორივე ტელეფონზე მივწერე. ახლა საჯაროდ მივმართავ - დაიცვას ნგრევისგან საყდრისი!
ნგრევა ასეთი ტემპით თუ გააგრძელეს, იცოდეთ, რომ აღდგომამდე საყდრისისგან აღარაფერი დაგვრჩება.
წუხელ ღამის სამის ნახევარზე ფარნებით დავათვალიერეთ ის ადგილი, სადაც კარვები გვაქვს გაშლილი. დღეს დილით, ცხრის ნახევარზე გაჭყლეტილი გველი ეგდო დროშის გვერდით. გუშინ, დღის მეორე ნახევარში ერთ-ერთ კარავთან (რომელიც გზასთან შედარებით ახლოსაა) ვნახე დაკეცილი გაზეთი - "არემჯის სიახლეები".
უამრავი ფოტო, აუდიო და ვიდეომასალა გვაქვს გადაღებული, მაგრამ ასე სწრაფად და ოპერატიულად ვერ გაწვდით.
სიახლეებს შეძლებისდაგვარად დროდადრო გამოვაქვეყნებთ"-წერს ნინო მიქიაშვილი.