ნინო მიქიაშვილი:-"საყდრისში რის გაფუჭებასაც მოასწრებენ, იმას აფუჭებენ"
კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას განცხადებით, დღეს მთავრობის სხდომაზე საყდრისის საკითხზე იქნება მსჯელობა. აქციის მონაწილეები და საზოგადოების დიდი ნაწილი მოელის საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც სწორედ მთავრობის სხდომაზე იქნება მიღებული.
საყრდისში შეკრებილი საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები საკითხის საბოლოო გარკვევამდე დაშლას არ აპირებენ. კომიტეტის წევრის, ჟურნალისტის ნინო მიქიაშვილის თქმით წუხელაც მთელი ღამე თხრიდა ბულდოზერი.
-"საყდრისში ვბრუნდები. ვინც საყდრისს ყოველგვარი ამბიციის და ქვენა გრძნობების გარეშე იცავთ, გაქვთ საშუალება იქ წამოსვლის და მშვიდობიანი ბრძოლის, წამოდით. წუხელ ბულდოზერი მთელი ღამე თხრიდა. ანუ რის გაფუჭებასაც მოასწრებენ, იმას აფუჭებენ.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ერთ-ერთი მოთხოვნა არის საკადრო ცვლილებები. ამგვარ მოთხოვნაზე საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივ კომიტეტს არასდროს უმსჯელია!
საყდრისში ჩვენი ბრძოლის პარალელურად გარკვეულმა პირებმა დაიწყეს იმაზე მსჯელობა, რომ საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ტერიტორია გამოისყიდონ კერძო კომპანია "არემჯი გოლდისგან". მათ გარკვეული შეხვედრებიც მოაწყვეს! ეს არის კერძო პირების (მათ შორის თითქმის ყველა ცნობილი ადამიანია) ინიციატივა და ამას არაფერი საერთო არა აქვს საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივ კომიტეტთან!
რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ ანთიძეს. მისი თქმით, დღეს არქეოლოგი გოდერძი ნარიმანიშვილი საყდრისში ჩავა და მაღაროს სადემარკაციო ხაზებს შემოავლებენ"-წერს მიქიაშვილი.
მისივე თქმით სადემარკაციო ხაზების შემოვლებით სასიკეთო საქმე გაკეთდება.