რატომ გულაობენ უცხოელები საქართველოში?!
"ივერიონს" თბილისელმა გიორგი ჯაფარიძემ ერთი შეხედვით უწყინარი, თუმცა, საკმაოდ პრობლემატური წერილი გამოუგზავნა, რასაც თემის აქტუალობიდან გამომდინარე, უცვლელად გთავაზობთ.
ძვირფასო რედაქცია,
სისტემატურად ვადევნებ თვალ-ყურს თქვენი სააგენტოს საქმიანობას. მიხარია, რომ განაახლეთ საქმიანობა.
ჩემის აზრით, "ივერიონი" გამორჩეულია იმით, რომ ობიექტურობის განცდა არასდროს არ გღალატობთ. იმედია, მომავალში ვებ-გვერდი კიდევ უფრო დაიხვეწება და თემატურადაც გამრვალაფეროვნდება.
კარგი იქნება თუ სათანადო ყურადღებას დაუთმობთ ეკონომიკას. განსაკუთრებით მედიის მხარდაჭერა სჭირდება დამწყებ ბიზნესმენებს, რომლებსაც სამწუხაროდ არც დღევანდელი ხელისუფლება ექცევა გულისხმიერებით.
მაგალითისთვის ჩემს ისტორიას მოგიყვებით:
ამ სიბერის ჟამს (უკვე 60 წლის ვხდები) გადავწყვიტე წარმოებისთვის მომეკიდა ხელი - ამით მეც დავსაქმდებოდი და სხვებსაც დავასაქმებდი. რაც მთავარია, ჩემს სამ შვილს მივცემდი სამუშაოს, რომლებიც ცხოვრებაში პირველ ნაბიჯებს ეს-ესაა დგამენ.
ბიზნესისთვის სამშენებლო ბლოკის წარმოება ავირჩიე. შვიძინე მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონში, ვიყიდე ყველა საჭირო დანადგარიც, მაგრამ მავანთა და მავანთა, ამ შემთხვევაში გათავხედებულ უცხოელთა მიზეზით ერთ გადაულახავ პრობლემას წავაწყდი - ვერ ვეღირსე საწარმოში ელექტროენერგიის შემოყვანას. არადა, შემოყვანის საზღაური, რაც ოფიციალურად მთხოვეს, ბოლო თეთრამდე გადავიხადე. 3 თვეა კომპანია "ნერეგო-პრო ჯორჯია"-მ ჯვარს მაცვა. "მიმტკიცებენ", რომ დენი მექნება, მაგრამ საშველი დღემდე ვერ დააყენეს. ჩემს კანონიერ მოთხოვნაზე - დაადგან საშველი ოფიციალურად პასუხობენ, რომ მექნება, თუმცა, ამაოდ!..
აღნიშნულის თაობაზე მივმართე ენერგეტიკის მინისტრს და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. სამწუხაროდ არც მათ ჩამთვალეს პასუხის ღირსად.
საინტერესოა, საიდან მოვიდნენ ამ კომპანიის მესვეურები, როგორ წაართვა წინა მთავრობამ საზოგადოებას ჟინვალჰესი, ზაჰესი, ორთაჭალჰესი და რა ფასად აჩუქეს ობიექტები უცხოელებს?!
კარგი იქნება თუ ამის თაობაზე დაინტერესდება თქვენი სააგენტო. იქნებ ისიც გეკითხათ რამდენი შევიდა ქვეყნის ბიუჯეტში ამხელა სისტემის პრივატიზაციის წყალობით?
ამჟამად ვამზადებ სარჩელს "ენერგო-პრო ჯორჯიაზე" მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით. არ ვიცი უნდა მქონდეს თუ არა ქართული სასამართლოს იმედი. მაინტერესებს, რატომ ვაგულავებთ უცხოელებს საქართველოში და რატომ ვთელავთ ყოველ დღე უხეშად ქართველების კანონიერ უფლებებს?
პატივისცემით, გიორგი ჯაფარიძე. ქ. თბილისი, გამზსახურდიას გამზ. 42-9.
რედაქციისგან: "ივერიონი" ამ კერძო, მაგრამ ზოგადი თემით აუცილებლად დაინტერესდება და ამომწურავ ინფორმაციას მკითხველებსაც მივაწვდით.