კოდუა დაუსწრებლად "დაკოდეს", რას უპირებენ სააკაშვილს?!
როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ მთავარმა პროკურატურამ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს გია სირაძეს ბრალი წარუდგინა. მათ ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ათიდან თოთხმეტ წლამდე ვადით, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვალერი გელაშვილი აცხადებს, რომ მისი ცემის დამკვეთები უშუალოდ ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი არიან და არ გაჩერდება, სანამ მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.
-"მე არ მოვისვენებ მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს ბრალს არ წაუყენებენ. არ ვარ ის პიროვნება, რომ გავჩერდე, ცხრა წელიწადი ვითმინე და თუ საჭიროა კიდევ ცხრა წელიწადს მოვითმენ, ვიდრე საქმე მიხეილ სააკაშვილამდე და ვანო მერაბიშვილამდე არ მივა. მე დიდი პრეტენზიები შემსრულებლებთან იმდენად არ მაქვს, როგორც თავად დამკვეთთან. კოდუამ უნდა აღიაროს, რომ ვანო მერაბიშვილმა დაავალა ჩემი ცემა, მერაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილზე და ასე შემდეგ. სხვანაირად საქმე არ გაიხსნება.
ერეკლე კოდუას მიმართ ბრალის დამძიმების თემას მისი მეუღლე ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
-"ფარცხალაძის უწყებამ ირაკლი კოდუას ( გელაშვილის საქმეზე) ბრალი წარუდგინა მუხლით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. რაც იმას ნიშნავს, რომ მის უფლებებს უბრალოდ გადაამეტა? ვიდრე დეტალებში ჩავალ, ერთ კითხვაზე მიპასუხოთ იქნებ! ანუ რას ამბობთ? ამის უფლება ჰქონდა და უბრალოდ გადაამეტა? თუ ნიშნავს იმას, რომ სხვა მუხლი უბრალოდ ვერ წაუყენეთ? იმიტომ რომ ჩემზე კარგად თქვენ იცით, კოდუამ ისე სცემა გელაშვილი როგორც მე ახლა ჩინეთის იმპერატორი ვარ"- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
კოდუას მიერ გელაშვილის ცემის ფაქტების არ არსებობაზე საუბრობს მისი ადვოკატიც ოთარ კახიძე.
-"არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ერეკლე კოდუამ გასცა რაიმე ტიპის ბრძანება ან დავალება ვალერი გელაშვილთან დაკავშირებით. საქმეში ფიგურირებს ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებული რამდენიმე განცხადება. ერთში ის ამბობს, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას რაღაც დაავალა და ამას ვანო მერაბიშვილიც ესწრებოდა. ეს განცხადება ინგა გრიგოლიას გადაცემის ეთერშია გაკეთებული. მეორე განცხადებაში კი ოქრუაშვილი ამბობს , რომ შეხვედრას მხოლოდ თავად და მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდნენ და ვანო მერაბიშვილი იქ არ იყო. რომელიმე შემთხვევაში მაინც თავდაცვის ყოფილი მინისტრი აშკარად იტყუება",– განაცხადა ოთარ კახიძემ.
ვალერი გელაშვილი კი კოდუას და სირაძის დაკავებას მოითხოვს, რადგან მისი თქმით, "სანამ მათი დაკავება არ მოხდება, სხვა პირების პასუხისგებაში მიცემა ვერ მოხერხდება".
პ.ს. მკითხველს ვთავაზობთ ვალერი გელაშვილის მიერ 2012 წლის 24 ნოემბერს გაკეთებულ კომენტარს:
-"საქმე ეხება ჩემი ცემის ფაქტს, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის შესახებ ატეხილ დავას უკავშირდება. პასუხისმგებელი პირები, რომ დაეკავებინათ, მაშინ მიხეილ სააკაშვილიც ციხეში იქნებოდა. ჩემი ცემის ფაქტთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილსაც ვადანაშაულებ, ის ცემას 200 მეტრის მოშორებით მდგომი მანქანიდან აკვირდებოდა".
კომენტარი მკითხველისთვის მიგვინდვია.