ივანიშვილისგან მიტოვებული საჩხერე აგონიაშია?!

ივანიშვილისგან მიტოვებული საჩხერე აგონიაშია?!

ეს წერილი "ივერიონს" საჩხერიდან ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა გამოუგზავნა, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. წერილს ვაქვეყნებთ მცირეოდენი შემცირებით. სტილი დაცულია.
საჩხერე ის რაიონია, რომელიც, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდე, საქართველოს ფიზიკურ რუკაზე ფორმალურად იყო აღნიშნული.
21-ე საუკუნის საჩხერეს ზორაბაბელივით მოევლინა ბიძინა ივანიშვილი. აშენდა და გარემონტდა შენობები, წარმატებით მუშაობდა ივანიშვილის  "ბურჯი" და "ატუ",  მასწავლებლებს  ე. წ.  ბიძინას ხელფასები დაენიშნათ,  რამაც მათ საქვეყნოდ ცნობილ მატერიალურ სიღატაკეს გონებრივიც შესძინა, რადგან, წიგნებში თავიანთ მოსწავლეებზე ნაკლებად იხედებოდნენ.  ფული მაინც ციდან ცვიოდა!
უფასო საავადმყოფოში ჯანმრთელი და ავადმყოფი ერთმანეთში ირეოდა. ერთხელ ვიღაცას შარდი და ლუდი ჩაუარებია, განგებ. ორივეზე დაუწერეს პასუხი.  თბილისიდან "ქალაქელი" ექიმები ჩამოიყვანეს, ხუთმაგი ჯამაგირის სანაცვლოდ "ბაგაზე" დააბეს!
თითოეულ ოჯახს  გაზქურა და ,,კარმაც" დაურიგდა.
რაიონში კლანური რეაქცია მძაფრდებოდა. სკოლებში  ოჯახებით საქმდებოდნენ  ,,ბიძინას ხელფასს"  დახარბებული ცოლი-ქმარი, შვილ-რძალი, მული, მაზლი, ქვისლი...  ცოდნას ვინ უსინჯავდა კბილს!   დღისით თავს გადაირჩენდი, მაგრამ ღამით სად დაუძვრებოდი ლოთ ექიმს?!  საჩხერის საავადმყოფო ნამდვილი ,,იზლერის ბაღი" იყო,  სადაც გავლენიან ექიმებს ნებისმიერისთვის შეეძლოთ ხელი  ჩაეჭიდათ და ეთქვათ:  ,,შენი ჩირიმე!"
მერია და საკრებულო ბაირამობდა - ბიძინასაგან ნაწყალობევ დამატებით ბიუჯეტში ბანაობდა... ამ დროს კი დანარჩენი საქართველო სულს ღაფავდა.
ეს ყველაფერი "ნაციონალური მოძრაობის" ზეობის პერიოდში ხდებოდა, თუმცა, არავინ გამოჩენილა ისეთი, სამშობლოს გადასარჩენად  რომ ეღაღადა, მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხებაო.
დიდი ილია ერთხელ შეცდა, ეს მაშინ, როცა თქვა, რევოლუციამ არ შეგაშინოთო. რევოლუცია ევოლუცია არ არის. საქართველოში სააკაშვილის მთავრობაც უწყინარი რევოლუციით დაემხო. შეიცვალა მხოლოდ მთავრობა, ხალხისთვის მიცემულმა ყველა პირობამ კი ჩაილურის წყალი დალია. 
წლის თავზე ნეკერჩხლის წითელი ფოთოლივით გაგვიფრინდა პრემიერ-მინისტრი. აირია საქართველო, მათ შორის, ივანიშვილის მშობლიური საჩხერეც.  ყველა ორგანიზაციას შეუწყდა ,,ბიძინასეული" დაფინანსება, გაიქცნენ ექიმები... სულ ცოტა ხნის წინ ასეულობით კაცი შეამცირეს ორგანიზაციებში - საჩხერე აჯანყების ზღვარზეა! 
შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რაიონში ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, რომ იტყვიან. საკრებულოსა და გამგეობაში კლანური გარიგება ჩვეულებრივი ამბავია. საკრებულოს თავმჯდომარემ დაუსაქმებელი არ დატოვა თავისი შინაურ-შორებელი ნათესაობა. ამას წინათ ამერიკაში წავიდა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რამაც, როგორც ამბობენ,  საჩხერის ბიუჯეტი ლამის შეიწირა.  როგორც ამბობენ, იქ დაქალები წაუსხამს  და ცნობილ ბუტიკებში ,,უშოპინგიათ".   საჩხერეში რამდენიმეათასიანი ბინაც შეიძინა თურმე.  იმასაც ამბობენ, ,,ზურგს"  უსუფაშვილი უმაგრებსო.
გამგებლის სკამი დღემდე ცარიელია, რადგან საკრებულოს თავმჯდომარემ ჯერ ვერ შეარჩია ისეთი კადრი, ყავაზე მისაყოლებელი ამბების თხრობაში რომ აჰყვება...
საჩხერლებმა ხელი ჩაიქნიეს. მათთვის საპრეზიდენტო არჩევნები არ იყო მნიშვნელოვანი და მითუმეტეს, ადგილობრივი თვითმმართველობის რა იქნება.  აქაურები ამბობენ, რომ ბიძინას აფიორამ ყველაზე მეტად ისინი დააზარალა...
ნინია საჩხერიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: