ოქრუაშვილის საჩივარი სასამართლომ არ დააკმაყოფილა
ცესკო-ს 22 აპრილის გადაწყვეტილებით, გაუქმდა გორის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერობის კანდიდატად იყო დარეგისტრირებული. ოქრუაშვილმა ცესკო-ს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლომ ცესკო-ს 22 აპრილის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ირაკლი ოქრუაშვილის საჩივარი არ დააკამყოფილა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოქრუაშვილის რეგისტრაციის საკითხი მას შემდეგ დააყენა დღის წესრიგში და განიხილა, რაც "სამართლიანი საქართველოსთვის" ხელმძღვანელმა, სერგო ჯავახაძემ გორის საოლქო კომისიის განკარგულება გაასაჩივრა, იმ მოტივით, რომ ირაკლი ოქრუაშვილს, კანონის შესაბამისად, ბოლო ორი წელი საქართველოში არ უცხოვრია.
"იურისტები გვანან იმ მეხანძრეებს, რომლებმაც დომინოს თამაში გადაწყვიტეს და ყველამ ერთმანეთის სვლა იცის. მოსამართლეს თავიდანვე ეტყობოდა, საით მიჰყავდა ეს საქმე. იმ ადამიანების გასაგონად ვამბობ, ვინც დღეს საჩივარი შემოიტანა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და, ვინც ამ სასამართლო გადაწყვეტილების უკან დგას - ამ ბრძოლას მაინც მოვიგებ, 16 ივნისს, დილით ყველა დარწმუნდება ამაში", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ყოფილი მაღალჩინოსანი სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.