ქუთაისის თვითმმართველობის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია პოზიციას აფიქსირებს
საზოგადოებაში არსებული ინტერესისა და მოლოდინის საპასუხოდ ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია აფიქსირებს პოზიციას:
"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 134 (4)-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: "2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და ისინი უფლებამოსილებას განახორციელებენ შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე." ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი: "ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კონკურსის წესით უნდა შეივსოს, პირი კონკურსის წესით უნდა დაინიშნოს არაუგვიანეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 120-ე დღისა." აღნიშნულიდან გამომდინარე, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებამდე, ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის მუდმივმოქმედ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას მიზანშეწონილად არ მიაჩნია კონკურსის გამოცხადება, რადგან კონკურსის წესით შერჩეული მოხელეები არ თავისუფლდებიან "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 134 (4)-ე მუხლით დაგენილ კონკურსში მონაწილეობისაგან.
დათო ცხვარაძე