ირაკლი შიხიაშვილს იმპიჩმენტით ემუქრებიან
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - თბილისელების" თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძის განცხადებით, შესაძლოა ირაკლი შიხიაშვილის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს. მისი განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარე სიტუაციას ვეღარ მართავს.
,, ე.წ. ხრუშჩოვკების აღდგენის შესახებ მემორანდუმთან დაკავშირებით მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, სწორედ ამ მემორანდუმის გამო მე აღნიშნული თანამდებობიდან გადავდგებოდი", - განაცხადა გულიკო ზუმბაძემ და აღნიშნა, რომ შესაძლებელია, შიხიაშვილი იყოს კომპეტენეტური სხვა სფეროში, მაგრამ არა - საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე.
ზუმბაძე მიიჩნევს, რომ საკრებულოში ახლა ახალი ფრაქციების შექმნის და თანამდებობებზე ახალი პირების არჩევის დრო არ არის, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია და საზოგადოება ელოდება კონკრეტულ პროექტებს და ნაბიჯებს ფრაქციებისაგან.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ხრუშჩოვკების აღდგენის პროექტზე ირაკლი შიხიაშვილმა მემორანდუმი არაბ ინვესტროთან გააფორმა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი არ განხორციელდება.