"მე დღეს სრულიად დამპალი ვარ გოლგოთას გზაზე და მინდა ჩემნაირი ადამიანები გამოვაფხიზლო!"

"მე დღეს სრულიად დამპალი ვარ გოლგოთას გზაზე და მინდა ჩემნაირი ადამიანები გამოვაფხიზლო!"

   მკითხველმა "ივერიონს" წერილი გამოუგზავნა და გვთხოვა დაგვებეჭდა. არ ვიცით როგორ მიიღებს საზოგადოება ამ წერილს, მაგრამ ვთვლით ამ ადამიანს დახმარების ხელი უნდა გავუწოდოთ და ჩვენი მოვალეობა პირნათლად შევასრულოთ-რედაქციაში შემოსული წერილი ავტორის თხოვნით მკითხველამდე მივიტანოთ. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე წერილს უკომენტაროდ უცვლელად გთავაზობთ, შეფასებები კი თქვენთვის მოგვინდვია.

 

"მე დღეს სრულიად დამპალი ვარ გოლგოთას გზაზე და მინდა ჩემნაირი ადამიანები გამოვაფხიზლო!"

   დიდი ხანია მინდოდა მეყვირა და ყველასთვის გამეგებინებინა ის ქარიშხალი, რაც ჩემს სულში ტრიალებს, მაგრამ ყოველთვის თავს ვიკავებდი იმის გამო, რომ საზოგადოება ვერ გამიგებდა, მაგრამ ბოლო ორი დღის მანძილზე განვითარებულმა მოვლენებმა-ანტიდისკრიმინაციული კანონის გარჩევამ,  წუხელ ცირკთან მომხდარმა ამბავმა და გადაცემა "არჩევანში" იმ ახალგაზრდა კაცის განცხადებამ-მე დავქორწინდები საქართველოში, მეყოლება ჩემი სქესის მეუღლე, გავზრდი შვილს საქართველოშიო-საბოლოოდ ამალაპარაკა. არ ვიცი ვინ როგორ გაიგებს ჩემს ნათქვამს, მაგრამ მერწმუნეთ ჩემი მიზანი მხოლოდ ერთია-სხვა ავარიდო ის გოლგოთას, რომელსაც მე უკვე წლებია ვადგევარ. წარმოიდგინეთ, ისე დამტანჯა ცხოვრებამ და ისე მინდოდა გავთავისუფლებულიყავი ამ სათქმელისგან, წლების წინ "იმედის" პროექტ "სიმართლის დროშიც" მინდოდა მივსულიყავი, მაგრამ ვერ გავბედე, რატომ? ლაჩარი ვარ და იმიტომ. ახლა კი, როცა ერთი ამბავია ატეხილი განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანებზე, მინდა ვთქვა ჩემი სათქმელი და მინდა გაიგოს ხალხმა, რომ ჩემნაირი ადამიანებიც ადამიანები არიან-განიცდიან, უხარიათ, სწყინთ, უყვართ...მაგრამ ყველაზე მთავარი, რამაც ეს "აღსარება" დამაწერინა ის არის, რომ დღეს საკმაოდ მომრავლდნენ 13-14 წლის ასაკის ბიჭები, რომლებიც ცხოვრების ასეთ გზაზე დგებიან და საბოლოოდ იღუპავებ თავს. ყველაზე მეტად მათი გამოფხიზლება მინდა.

   ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, საკმაოდ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, ჩემი მშობლები თავიდანვე ცდილობდნენ კარგი ვაჟკაცი გამოვსულიყავი და მეც არავის ვუდებდი ვაჟკაცობაში ტოლს. ამას იმიტომ ვწერ, რომ ყველამ გაიგოს-გენეტიკური ფაქტორი ჩემს შემთხვევაში გამორიცხულია. 19 წლამდე მეც ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი ვიყავი და ერთმა უბრალო შემთხვევამ დაანგრია ჩემი ცხოვრება. არ მოვყვები თი როგორ გარემოში მოხდა პირველად ყველაფერი, არა მგონია ეს ვინმეს აინტერესებდეს და ჩემი წერილის მიზანიც სხვაა, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ძალა არ მეყო წინ აღვდგომოდი სხვის სურვილს, თუნდაც მეცემა, მთელი ქვეყნისთვის გამეგებინებინა მისი ამბავი და არ ჩავყოლოდი იმ მორევში, რომელიც მერე სულ უფრო და უფრო გითრევს...ახლა ვხვდები, რომ ანალოგიური ვნება ჩემში შენიღბული ცხოვრობდა და სათანადო მომენტს ელოდა. ალბათ ამიტომაც იყო ვერ ვძლიე ცნობისმოყვარეობა, ვერ გავუძელი ცდუნებას და დავადექი გოლგოთას...ძალიან მიჭირდა, ჩემს თავს უკანასკნელი სიტყვებით ვლანძღავდი, მინდოდა ჩამომერეცხა სირცხვილი, მინდოდა გავნდობოდი ვინმეს და ეკლესიაში მივსულიყავი, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. ორი ადამიანი გაცხარებით იბრძოდა ჩემში და ალბათ სათანადო ძალა არ აღმომაჩნდა და შევეგუე! 

ახლა 30 წლის ვარ. ჩემი საყვარელი ადამიანები სამუდამოდ დავკარგე, მხოლოდ დედამ ვერ გამწირა და მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ. ვერავინ წარმოიდგენს რა გამოვიარე იმ დღეებში, როცა ჩემი ორიენტაცია გამჟღავნდა-ნათესავები მაფურთხებდნენ, მეზობლები დამცინავ ღიმილს მაყოლებდნენ და ზურგს უკან კი არა, როგორც ეს ჩვენს საზოგადოებას სჩვევია, პირდაპირ მკიცხავდნენ, სადარბაზოსთან ახალგაზრდები მხვდებოდნენ, ჩემს დანახვაზე სასქესო ორგანოს ამოიღებდნენ და-"ჰა, შე პეტუხო, გელოდებითო"-მიყვიროდნენ. მამა ამ ამბავს გადაყვა, გულმა ვერ გაუძლო და გარდაიცვალა....წლები გავიდა, მაგრამ საზოგადოება დღესაც ორადაა გაყოფილი. ზოგი ისევ გვაფურთხებს, ზოგი კი ამბობს-თავიანთ ცხოვრებას ისე განკარგავენ, როგორც სურთო...

   მე ბევრი რამ გამოვიარე, ბევრი ტანჯვა, დამცირება გადავიტანე და არ მინდა სხვამაც გამოსცადოს ის, რაც მე, ამიტომ მინდა ვუთხრა იმ ახალგაზრდებს, რომელთაც ჯერ კიდევ შეუძლიათ შეცვალონ ცხოვრების წესი-არ გადააბიჯონ მორალს, ზნეობას, რელიგიას. ძალიან რთულია მთელი ცხოვრება გარყვნილების განცდა გტანჯავდეს. მე დღეს სრულიად დამპალი ვარ და ახლა ხრწნის პროცესს გავდივარ, ამიტომ მინდა ყველას გასაგონად ვიყვირო-არ დაუჯეროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ყურადღების მიქცევის თუ ცნობადობის მოხვეჭის მიზნით "არჩევანში" გაკეთებული განცხადებების მსგავს განცხადებებს აკეთებენ, დამარხეთ თქვენი ვნებები თქვენსავე გულებში და არ მისცეთ განვითარების საშუალება, თორემ მთელი ცხოვრების მანძილზე არასრულფასოვნების კომპლექსი ბოლოს მოგიღებთ. არ დახარბდეთ სხვადასხვა არასამთავრობოს მიერ შემოთავაზებულ სოლიდურ თანხას თქვენი გრძნობების ხმამაღლა ლაპარაკის სანაცვლოდ რომ შემოგთავაზებენ, ეს მეც გამოვიარე, მე ვერ გავუძელი ცდუნებას და მინდა თქვენ დაგიცვათ. იარეთ ეკლესიაში! ისიც ვიცი რა რთულია მოძღვარს ასეთ ინტიმურ თემაზე ესაუბრო და განსაკუთრებით დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, როცა ხედავ სხდომაზე თავად მოძღვარი რომ არღვევს მცნებას-"არ განსაჯო", მაგრამ მერწმუნეთ, ჯობია ერთხელ გადაიტანო ეს ყველაფერი, ვიდრე მთელი ცხოვრება იტანჯო, თუნდაც ჩუმად, შენთვის, მაგრამ მაინც იტანჯო...

   ვნანობ, ძალიან ვნანობ სიამოვნება რომ ავირჩიე და არა სული. დღეს კიდევ უფრო სხვა გარემოა, უმცირესობას კანონი იცავს, მაგრამ კანონი სხვაა და მორალი სხვა, კანონის დაცული უფლის სამსჯავროს ვერ აცდება...

   დღეს იმდენი ჰომოსექსუალი დადის, მიკვირს უფალი როგორ ითმენს, მაგრამ მას ხომ ვუყვარვართ და მოწყალეა. მეც ამის იმედი მაქვს და კიდევ ერთხელ მინდა ჩემნაირ ადამიანებს მივმართო-დაივიწყეთ სიამოვნება! თავიდან მოიცილეთ რაღაც უაზრო აკვიატება, რომ ჩვენც გვაქვს უფლებები და მიენდეთ უფალს, მხოლოდ ის გაგვიყვანს სწორ გზაზე!

   საზოგადოებასაც მინდა მივმართო-ჩვენ ჩვენი ორიენტაციის მიღმა თქვენნაირი ადამიანები ვართ და ძალიან ბევრ პიროვნებას, რომელთა ცხოვრების შესახებაც არაფერი იცით დიდ პატივს სცემთ, თუმცა საჭიროა მხოლოდ გაიგოთ მისი გაუკუღმართებული ცხოვრების შესახებ, რომ ჭიანჭველასავით გასრესთ...და თქვენ რა, ჩვენზე უკეთესები ხართ ამ დროს? თქვენ არ გაქვთ ცოდვა? ამიტომ ქვას კი ნუ ესვრით ასეთ ადამიანებს, არამედ დაეხმარეთ ცხოვრების გზის შეცვლაში...განსხვავებული ორიენტაციის მქონე მხოლოდ მამაკაცები არ არიან, საზოგადოება კი უფრო ჩვენსკენ იშვერს ხელს...თქვენ ღმერთი არ ხართ და ნუ დათრგუნავთ მათ, ვისაც უნდა უფლის გზას დაადგეს!...

   რაც არ უნდა ვთქვათ, ჩვენს ირგვლივ სიბნელეა და იმის იმედიც აღარ რჩება, რომ ოდესმე სინათლის თუნდაც ერთი პატარა სხივი გაარღვევს მას...მინდოდა ნამდვილი ვინაობა დამწერე წერილის ბოლოს, მაგრამ...ისევ ვერ გავბედე. ახლა რატომღა? იმიტომ რომ ისევ ლაჩარი ვარ... ამიტომ ჯობს ასე დავწერო

ლაჩარი

     პ.ს. ისე კი ალბათ კარგი იქნება მედია-საშუალებებმა ბევრი ისაუბრონ ასეთ თემებზე, იქნებ ყველა ერთად გამოვფხიზლდეთ!

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: