თამარ ზურაშვილი: -"ჩვენ ვითხოვთ ჩვენს საკუთრებას, რომელიც დაუსაბუთებლად და უკანანოდ იქნა ჩამორთმეული"
"დემოკრატიული მოძრაობის" იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი თამარ ზურაშვილი აცხადებს, რომ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ პირთა შორის უმრავლესობა წარმოადგენდა "დემოკრატიული მოძრაობის" წევრებსა და აქტივისტებს, რომლებიც სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებით იქნენ დაკავებულნი 2011 წლის 26 მაისს და უსამართლოდ შეეფარდათ სასჯელები და ჩამოერთვათ მათ საკუთრებაში არსებული ავტომობილები, როგორც დანაშაულის იარაღი. ზურაშვილის თქმით ყველა მათგანი პარლამენტის მიერ აღიარებულ იქნა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულად, რაც თავისთავად მათ უდანაშაულობას ნიშნავს, თუმცა დღემდე არც ერთ მათგანს არ დაბრუნებია მათი კუთვნილი ავტომანქანები.
-"როგორც მოგეხსენებათ, 2012 დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა 192 ადამიანს, რომელნიც ამნისტიის აქტის საფუძველზე გათავისუფლდნენ საპატიმრო დაწესებულებებიდან.
"პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა თაობაზე" დადგენილების პროექტით პარლამენტმა იკისრა უმოკლეს ვადაში აღნიშნული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლების ან/და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის სამართლებრივი მექანიზმებით, ასევე მათთვის სამართლებრივი სტატუსისა და მარეაბილიტირებელი სამართლებრივი მექანიზმების შექმნის უზრუნველყოფის ვალდებულება.
მიუხედავად იმისა, რომ ამნისტიის შესახებ კანონის მიღებიდან ერთ წელზე მეტია გასული, დღემდე არ გატარებულა არც ერთი ღონისძიება ზემოთხსენებული დადგენილებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. დღემდე არ გადადგმულა არც ერთი ქმედითი ნაბიჯიპოლიტპატიმრების რეაბილიტაციისთვის, დღემდე არც ერთი მათგანი არ აღდგენილა სამსახურში, არ დაბრუნებია წართმეული ქონება.
გვინდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, სისრულეში მოიყვანოს ხალხისათვის მიცემული დაპირება და დროულად დაიწყოს სამართლიანობის დამკვიდრება ქვეყანაში. ასევე, მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, დროულად გაატარონ სათანადო ღონისძიებები და დაიწყონ პოლიტპატიმართა რეაბილიტაციის პროცესი. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენთვის სრულიად გასაგებია, რომ "ქართულ ოცნებას" დანაშაულებრივი "ნაციონალური მოძრაობისგან" საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ერგო წილად და სამართლიანობის აღდგენას გარკვეული დრო და რესურსი სჭირდება. თუმცა, ვერაფრით ვერ დავეთახნმებით მმართველი ძალის წარმომადგენლების მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი და ვერ მოხერხდება შესაბამისი კომპენსაციების გაცემა ნაციონალური რეჟიმის მიერ დაზარალებულ პირებზე"-ამბობს ზურაშვილი.
"დემოკრატიული მოძრაობის" იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ ამ ეტაპზე ისინი არ ითხოვენ ფულად კომპენსაციას, არ ითხოვენ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას.
-"ჩვენ ვითხოვთ ჩვენს საკუთრებას, რომელიც დაუსაბუთებლად და უკანანოდ იქნა ჩამორთმეული"-აცხადებს ზურაშვილი