მამა თეოდორე გიგნაძე:-"პროსტიტუცია თუ აკრძალულია, ამ კანონს რა ჰქვია სახელად -კაცის კაცზე დაქორწინებას რომ ქადაგებს?!"

მამა თეოდორე გიგნაძე:-"პროსტიტუცია თუ აკრძალულია, ამ კანონს რა ჰქვია სახელად -კაცის კაცზე დაქორწინებას რომ ქადაგებს?!"

   მიუხედავად საპატრიარქოს თხოვნის, მომხდარიყო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების გადავადება, პარლამენტმა კანონი მესამე  მოსმენით მაინც დააამტკიცა. რას ფიქრობენ სასულიერო პირები აღნიშნული კანონპროექტის შესახებ გვესაუბრება ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

-მამაო, მოგეხსენებათ, რომ პარლამენტმა მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი. მათ ისეთი  შთაბეჭდილება შექმნეს, თითქოს გაითვალისწინეს საპატრიარქოს შენიშვნები. სულ ახლახან კი შევიტყვეთ, რომ საპარტიარქო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ კანონპროექტის დღევანდელი ფორმით დამტკიცებას. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამის შესახებ?

- საპატრიარქო არ ყოფილა თანახმა ამ კანონპროექტის იმ  ვარიანტზე, რომელიც აშკარა საშიშროებას შეიცავს. პირიქით, ის არ დაუშვებს  საზოგადოებაში გაუკუღმართების ნორმად დამტკიცებას. შეიძლება,  პარლამენტის  აზრით ,,უმცირესობათა"  დისკრიმინაცია იყოს ამ კანონის მიუღებლობა, მაგრამ საფრთხილო ისაა, რომ ისინი ამას ნორმადაც მიიჩნევენ. ამ კანონპროექტის ზოგიერთი მუხლი ანტიეროვნული და ანტიკონსტიტუციურია. ეკლესია, პარლამენტისგან განსხვავებით, ფარულ ნაღმებს ხედავს მასში,  ქრისტიანობა შემწყნარებლური და ჩაგრულთა რელიგიაა და ხელისუფლება ეკლესიას უნდა ასწავლიდეს, რომ ჩაგვრა არ შეიძლება?!  ამ კანონპროექტის მიზანი სხვაა - ესაა საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების შეცვლა ტრადიციების მიმართ. პრემიერ-მინისტრის ნათქვამი გამახსენდა, ქართველები ძლიერნი ვართ და ცოდვების არ გვეშინია, გავუმკლავდებითო,- ამას ულოგიკო სისულელე შეიძლება ეწოდოს.

-რა კონკრეტული მაგალითებით შეიძლება დავარწმუნოთ  საზოგადოება, რომ  ამ კანონპროექტის თუნდაც საექსპერიმენტოდ  დამტკიცებას  სავალალო  შემდეგები მოჰყვება?

-ჯერ ერთი, ჰოლანდიას დაეტყო თანამედროვე-ლიბერალური ექსპერიმენტების ძალა. იგი ადრე, 70 წლის წინ,  ჩვეულებრივი ქვეყანა იყო ტრადიციული ოჯახებით.  დღეს იქ მცხოვრებთა სულიერი კულტურა აბსოლუტურად შეცვლილია. ალბათ გახსოვთ, ბოლშევიკური რეჟიმის დროს კახელი გლეხი საკუთარი ხელით ანგრევდა ეკლესიას. უცნაურია, მაგრამ ასე ხდებოდა. იმ რეჟიმის მსგავსად,  ეს რეჟიმიც საკუთარი ხელით დაასამარებინებს ერს თავს. მეორე,  ეს კანონპროექტი არ დაწერილა საქართველოში. ის არ არის მორგებული ქართულ მენტალიტეტს. როცა ამას ვაპროტესტებთ, გვეუბნებიან,  ევროკავშირი გძულთ და რუსეთისკენ მიილტვითო. თუ ხელისუფლებამ იცის, რომ ამ კანონპროექტის გაუმართაობის გამო უარს მათქმევინებს ევროპაზე,  ე.ი.  შეგნებულად მახედებს რუსეთისკენ!  თუ ეს კანონპროექტი ანტიქართულია ჩვენი  მენტალიტეტისთვის, რატომ მაიძულებთ ევროპელობას?!

-ეს კანონპროექტი თუ დღევანდელი ფორმით დამტკიცდა, რა გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება ამას და რა პოზიციას დაიჭერს ეკლესია?

-ქართული ეკლესია იმას იზამს, რასაც ქრისტე უკარნახებს. იოანე ნათლისმცემელი, იოანე ოქროპირი და ევდემონ კათალიკოსი უზნეობასთან ბრძოლას შეეწინენ.  სამივე იბრძოდა არა რელიგიური მოტივაციით, არამედ ზნეობრივით. იოანე ნათლისმცემელმა ამხილა იროდინ მეფე და მისი მხევალი, რომლებიც ინცესტის პროპაგანდას ეწეოდნენ და ერს რყვნიდნენ, იოანე ოქროპირი ახლად გაქრისტიანებულ ბიზანტიაში პატივმოყვარებას ებრძოდა, ევდემონ კათალიკოსი როსტომ ხანის პერიოდში , როცა ეკლესიები შენდებოდა, მაგრამ ხალხს გამუსლიმანებას აიძულებდნენ, ქრისტიანობას ამკვიდრებდა. სამივეს შემთხვევაში ეკლესია მოქმედებდა საღვთო სულით აღვსებული სიტყვით. ახლაც ასე იქნება. ეკლესიის ძალა არა მის ფიზიკურ ძლიერებაშია, არამედ ქუხილის მსგავს ხმაში. ის ყოველვის იმარჯვებს, რადგან მოწამეთა ხარჯზე ძლიერდება. როცა ილია მეორე მნიშვნელოვან  პრობლემებზე ქადაგებს, ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ის შეცდა ან ,,შეცდომაში შეიყვანეს" ... მეცინება, ისინი მას არ იცნობენ, ისეთს, როგორიცაა. მას სტრატეგიული ხედვა აქვს და დიდი დიპლომატია. ადამიანს, რომელმაც კომუნისტური ეპოქა გამარჯვებით გამოატარა ქართულ ეკლესიას,  ,,უასაკო" პარლამენტარები განუმარტავენ ცოდვის არსს?!

-საფუძვლიანად თუ იცნობთ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს, გეცოდინებათ, არის თუ არა იქ ერთსქესიანთა ქორწინებისა და ინცესტის დაკანონების წინაპირობები?

-მე იურისტი არ ვარ, მაგრამ ის წამიკითხავს და ფანქრითაც მომინიშნავს. მე მას შევხედე, როგორც მოქალაქემ და დავინახე საშიშროება. კონკრეტულად ის, რომ შემდგომ კანონპროექტში შევა არა მხოლოდ ერთსქესიანთა ქორწინება, არამედ ახალგამოგონებულ სქესთა კავშირიც. 

-ამ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ გააქტიურდებიან ლგბტ-ს წარმომადგენლები. რა ნეგატიურ გავლენას მოახდენენ ისინი მომავალ თაობაზე?

-ეს კანონი მათ ისე გააბატონებთ, რომ ხელმძღვანელს შენიშვნის მიცემაც აეკრძალება მათთვის სამსახურში, არათუ გაათავისუფლებს, რადგან აქეთ შემოედავება და იმდენს არბენინებს სასამართლოში, რომ თავ-ბედს აწყევლინებს. რაც შეეხება მათ ზეგავლენას მომავალ თაობაზე, ეს ამ კანონპროექტის ხელმომწერთა კისერზე იქნება. უბრალო მაგალითს გეტყვით:  პროსტიტუცია არაკონსტიტუციურია, მაგრამ არსებობს.  მასში ჩაბმული ადამიანები ჩვენი ზრუნვის ობიექტია, ჰომოსექსუალიც გვყოლია მრევლში, რომელიც ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა და დღეს ცოლ-შვილი ჰყავს. მაგრამ, როცა ასეთი ადამიანები ამით მანიპულირებენ და პროპაგანდას უწევენ მას, ეს მათ უსირცხვილობაზე მეტყველებს. პროსტიტუცია თუ აკრძალულია, ამ კანონს რა ჰქვია სახელად- კაცის კაცზე დაქორწინებას რომ ქადაგებს?! 

-ამ კანონპროექტის დაუკანონებლობამ ევროპა რომ დაგვაკარგვინოს, მამაო?

-1920 წლის თავისუფალ საქართველოში ჟორდანიას დროს საქართველომ მოკლა პატრიარქი. მაშინ ევროპის იმედი გვქონდა, მაგრამ ზურგი გვაქცია და რუსეთს შეეკრა. მაშინ ჩვენმა ურჯულოებამ დაგვაკარგვინა თავისუფლება. ის ადამიანები, რომლებიც თავს გვახვევენ ამ კანონს, საქართველოს მალე  დააკარგვინებენ თავისუფლებას!

-როგორ ფიქრობთ, საპატრიარქოს პოზიცია ხომ არ გააღრმავებს კონფლიქტს მასა და სახელმწიფოს შორის?

-მე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, ვლოცულობ ხელისუფალთათვის. მათ დიდი ტვირთი აწევთ მხრებზე. თუ ისინი ვერ დაინახავენ ეკლესიის სიკეთეს, მათთვისაა ცუდი. ჩვენთან ბევრი ადამიანი მოდის, თუ ისინიც მოვლენ და  გვეტყვიან, რომ ქრისტეს ეძებენ, მათაც დავეხმარებით.  

-როგორ ფიქრობთ, ამ კანონპროექტს ეკლესიის წიაღშიც ხომ არ ჰყავს მომხრეები?

-ჰყავს! ისინი ყველგან შეაღწევენ, სასუფევლის გარდა. მაგრამ ორგანიზმი თუ ჯანმრთელია, ის დაძლევს სენს! ასე გაგძელდება უფლის მოსვლამდე!

-რა შეიძლება მოდხეს 17 მაისს? უნდა ველოდეთ თუ არა ,,უმცირესობათა" მასობრივ გამოსვლას?

-ყოველგვარი ურჯულოების უკან დგას ბოროტი ძალა. არ მინდა ვიფიქრო, ხვალ რას იზამს ეშმაკი. ჩვენი პოზიცია სიმართლის თქმაა. ეკლესიის ქმედება მოტივირებული იქნება ღვთის სიყვარულით. 

-გეგმავს თუ არა ეკლესია მასობრივ გამოსვლას ხელისუფლების მიერ მისი შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში?

-რაც შეეხება ქართული ეკლესიის მასობრივ საპროტესტო აქციებს, ამაზე ეკლესიის სახელით ვერ ვილაპარაკებ, თუმცა სადაც გასასველი იქნება, გავალთ, შესაჩვენებელს შევაჩვენებთ!  ჯემალ ქარჩხაძე ამბობს, სიცოცხლე იმად არ ღირს, რომ მის შესანარჩუნებლად შიშით იცხოვროო. ეკლესიას ვერ დაადუმებენ, ვერ შემუსრავენ, ის ფიზიკური მცდელობით არ განადგურდება. ნერონმა, კალიგულამ, ავრელიუსმა, ულიანოვმა, ჰიტლერმა და მაკედონელმაც ვერ გაანადგურა ის!  

ესაუბრა

ია ჯღარკავა

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: