გოგი ლორთქიფანიძე:-"მკაფიოდ უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას-თქვენი ცუღლუტობა შემჩნეულია!"
"სახალხო პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გოგი ლორთქიფანიძე დღეს შექმნილ მდომარეობას ეხმიანებს და აცხადებს:
-"თუ გადავხედავთ ხელისუფლების მოქმედებას, აშკარად ჩანს, რომ მათ აღებული ვალდებულებების ცხოვრებაში გატარებისას პრობლემები აქვთ. ეს კი არ მოსწონთ არც იმ მოქალაქეებს, რომელთა მეშვეობითაც მოხვდნენ ქვეყნის მმართველობის სათავეში და არც იმათ, საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება, ვინც დაეხმარა მათ ხელისუფლებაში მოსასვლელად და ვის წინაშეც ჩვენგან, მოქალაქეებისაგან "დაფარული" ვალდებულებები აიღეს. ჩვენ მხოლოდ იმ ვალდებულებებს შევეხებით, რომლებიც როგორც ჩანს, სხვამ დააკისრა მათ და არა საქართველოს მოქალაქეებმა. ეს ვალდებულებები ჩვენი ქვეყნის შემდგომ სახელმწიფოებრივ განვითარებასთან არის დაკავშირებული. ილუსტრაციისთვის მოვიყვანთ ორ მაგალითს: რეგიონალიზაცია და ანტიდისკრიმინაციული კანონი. ჩვენ მხოლოდ ამ კანონების მიღების პროცესს აღვწერთ და შინაარსს არ შევეხებით. პირველ ეტაპზე, შემოაქვთ აუცილებლად მისაღები, მიმზიდველი დასახელების (თვითმმართველობა, ანტიდისკრიმინაცია) კანონის ის ვარიანტი, რომელიც დასახელების საწინააღმდეგო მიზნებს ისახავს, რომელშიც აშკარად ჩანს სხვა დაინტერესბული მხარის ინტერესები და პირდაპირ იკვეთება ქვეყნის მდგრადი განვითარების საფრთხეები. ჩვენს მცდელობას, არგუმენტირებულად დავუსაბუთოთ მათი პოზიციების არამართებულობა და მივუთითოთ ქვეყნისთვის საფრთხის შემცვლელ მომენტებზე, არც ერთხელ არ მოჰყოლია შედეგი. ხელისუფლება ქართული საზოგადოების აზრს არ ითვალისწინებს, ამ საკითხებზე მხოლოდ მისი უწმიდესობის პოზიცია აიძულებს მას, უცებ "შეშფოთდეს" (დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით) და შემოაქვს კანონის მეორე, ოდნავ სახეცვლილი ვარიანტი. თუმცა, პატრიარქის პოზიციის გასაჯაროების შემდეგ, საზოგადოების დიდი ნაწილი უფრო ხმამაღლა გამოთქვამს პროტესტს და ხელისუფლებაც იძულებული ხდება, შესთავაზოს საზოგადოებას მესამე, უკვე ძალუმად გამოშიგნული კანონის ვარიანტი. ამ მესამე ვარიანტს თან ახლავს ოპონენტების დამუნათება, რომ ისინი არავისზე ნაკლები პატრიოტები, ეკლესიურები (და არა მართლმადიდებლები) და ოჯახისშვილები არიან და, ამის პარალელურად, იწყება ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლის მორიგი ფაზა. შედეგად არის ის, რომ ხელისუფლება დამკვეთის დავალებას მეტ-ნაკლები წარმატებით მაინც ასრულებს _ თითოეული ასეთი კანონის მიღებით ქვეყნის დამცავ გალავანს თითო აგურს აცლის და, თან, იმასაც ახერხებს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერისა და თვითმმართველობის არჩევნების წინ დაძაბოს ქვეყანაში სიტუაცია; მოახდინოს ევროკავშირის დისკრედიტაცია და საზოგადოების პოლარიზაცია; გამოიწვიოს საზოგადოების მხრიდან აგრესიული ქმედებების იძულების სტიმულირება; გააძლიეროს შედარებით რადიკალურად განწყობილი ჯგუფები და ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს შეუქმნას ნოყიერი ნიადაგი თავისი ზრახვების განხორციელებისათვის. მკაფიოდ უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას: თქვენი ცუღლუტობა შემჩნეულია! ფრთხილად, თქვენგან გაღვივებულმა აგრესიულმა მუხტმა თქვენზევე არ გადმოინაცვლოს!