ეკლის გვირგვინი გამზადებულია... მალე დადგება წითელი პარასკევიც!
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ანტიდისკრიმინაციულ კანონს ხელი უკვე მოაწერა და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი ვიღაცის "ჯიბის" პრეზიდენტია და საზოგადოების ინტერესები ნაკლებად ადარდებს.
თუმცა, მრავალგზის თავსლაფდასხმულ საზოგადოებას ვინ ჩივის, მარგველაშვილმა არც პატრიარქის გაფრთხილება გაითვალისწინა და თუ მისი უწმინდესობის სიყვებით ვიტყვით, "უკანონობის დაკანონებას" ბეჭედი ხელის აუკანკალებლად დაუსვა!
უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ივანიშვილი მარგველაშვილით უკმაყოფილოა და ყველანაირად ცდილობს იგი ხელისუფლებას ჩამოაშოროს. ამის დასტურად პარლამენტის ახალი საკანონმდებლო ინიციატივაც სახელდება, რომლის საფუძველზეც, საქართველოს კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვლება.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა საკმაოდ მყიფეა და ნებისმიერ დროს სეიძლება ხუხულასავით დაინგრეს, ძნელი სათქმელია, როგორ მოიპოვებს პარლამენტში ივანიშვილი საკონსტიტუციო მხარდაჭერას და როგორ დატოვებს (დასჯის) თამაშგარე მდგომარეობაში მარგველაშვილს.
მარგველაშვილის გაპრეზიდენტება რომ თავიდანვე შეცდომა იყო ამაზე ხმამაღლა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში ვწერდით. კაცი, რომელიც ლიბერასტული ფრთის მამამთავრებთან - ბოკერია-რამიშვილთან მეგობრობას არ მალავდა, ივანიშვილმა პრეზიდენტად დაგვინიშნა და ახლა თურმე მის გადაგდებას ცდილობს!
სანამ პეტრე მოვიდოდა, პავლეს ტყავი გააძვრესო, ნათქვამისა არ იყოს, ვიდრე ექსპრემიერი ივანიშვილი მარგველაშვილს ამოაყირავებს, მის მიერ შერჩეულ-დანიშნული ხელისუფლება (ეს რომ ასეა ამაში ეჭვი არავის ეპარება) საქართველოს წირვას გამოუყვანს.
მარგველაშვილი პოზიტიური ფიგურა რომ იყოს და საქართველოს ტრადიციებს და ერის სასიცოცხლო ინტერესებს ანგარიშს უწევდეს, საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებას შორის მედიატორის როლს ნამდვილად შეასრულებდა და ინციდენტიც ამოიწურებოდა - ყოველ შემთხვევაში, დღის წესრიგში დადგებოდა კანონპროექტის კიდევ ერთხელ გადახედვის საკითხი.
თუმცა, მარგველაშვილმა სხვა გზა აირჩია და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გვითხრა, რომ ჩვენი აზრი არ აინტერესებს.
რაც მოხდა მოხდა, მაგრამ მე უფრო პატრიარქის სიტყვები მაფიქრებს, "ამ კანონს არც ერთი მორწმუნე მრევლი არ მიიღებს"-ო, რომელიც დაახლოებით ასე იკითხება: საზოგადოება (უპირველესად იგულისხმება მართლმადიდებელი მრევლი), როცა იქნება იხუვლებს და აღნიშნული კანონის მიმღებსაც და მხარდამჭერებსაც ერთად წალეკავს...
ვატყობ, ყველაფერი იქითკენ მიდის!
სანდრო ლისაშვილი