ირმა ინაშვილი: „გვეგონა დავამარცხეთ სააკაშვილის რეჟიმი, თურმე შევცდით!..“

ირმა ინაშვილი: „გვეგონა დავამარცხეთ სააკაშვილის რეჟიმი, თურმე შევცდით!..“

დღეს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ პარტია ,,პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისის მერობის კანდიდატად ირმა ინაშვილი დაასახელა. რამ განაპირობა ეს არჩევანი, „ივერიონი“ თავად მერობის კანდიდატს ესაუბრა.

-         - ქალბატონო ირმა, შეიძლება ითქვას ჟურნალისტებისთვის და ალბათ საზოგადოებისთვისაც ეს გადაწყვეტილება ნამდვილად მოულოდნელი იყო...

ათი  წელია ერთად ვიბრძვით სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და  ვფიქრობ, ბოროტების დამარცხებაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ. მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ ადამიანებს არ მოატყუებენ და ჩვენი  წინასაარჩევნო პროგრამა შესრულდება.  ამ  პროგრამამ კვალიფიციურ ექსპერტთა ხელში გაირა და მისი განხორციელება აბსოლუტურად შესაძლებელია.

-         - არსებული რეალობიდან გამომდინარე, აქვს თუ არა შანსი თქვენს პარტიას  გაიმარჯვოს ამ არჩევნებში?

რა შანსებზეა საუბარი, როცა არ გვაქვს საარჩევნო ნომერი, არ გვითმობენ სატელევიზიო ეთერს, ვერ ვეწევით პარტიის პროგრამის სატელევიზიო რეკლამას?!  დისკრიმინაცია სხვა რამე გგონიათ?!  ჩვენ არ შევშინდებით და განვაგრძობთ ბრძოლას სააკაშვილის რეჟიმის გაგრძელების წინააღმდეგ!

-         - თქვენს წინასაარჩევნო ორიგინალურ ლოზუნგში რა იგულისხმება?

ეს ლოზუნგი - ,,თბილისო, შენთვისაც გამოიდარებს!“  უნდა გახდეს საქართველოს სხვა ქალაქებისა და სრულიად საქართველოს გამთლიანების ლოზუნგი. (მასში ისედაც საქართველო იგულისხმება). მე მახსოვს ის დრო, როცა მშიოდა, სამოსი არ მქონდა, ფეხით დავდიოდი უფულობის გამო. ეს წინასაარჩევნო პროგრამა არ არის ზოგადი, ის შეიქმნა ჩვენი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე. თბილისს მივმართავ, ჩემგან ღალატი არ იქნება!

-         - მისაღებია თუ არა თქვენთვის ანტიდისკრიმინაციული კანონის პარლამენტის მიერ დამტკიცებული ვარიანტი?

ამ კანონის განხილვას არ დათმობია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი, ის არ განუხილავს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მე ვერ დავინახე, რომ ხელისუფლება და უმრავლესობა ამ კანონის ექსპერტებთან ერთად განცხილვის ინიციატორი ყოფილიყო. არადა, ეს კანონი ქვეყნის ინტერესებს ეხება. როცა კანიონი უკანონოა, არ უნდა მიიღო!

-         - ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-ში“  გამოვლინდა ე.წ. ფარული მოსმენების ფაქტი. როგორ ფიქრობთ, ეს ამ ტელეკომპანიის წინასაარჩევნო პროვოკაციაა თუ მართლა უსმენენ?

ძალიან ცუდია, თუ ეს მართალია.  მე არც პროვოკაციას გამოვრიცხავ რომელიმე მხარის მიერ, მაგრამ ეს გამოძიების გასარკვევია.

-         - რას ელოდებით 17 მაისს. არის თუ არა იმის საშიშროება, რომ ერი და ბერი კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდეს?

წელს არ უნდა დავუშვათ პროვოკაცია.  მოვუწოდებ ყველას, არ გააღრმავონ კონფროტანცია, თორემ შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგების მოწმენი გავხდეთ. არ უნდა დავუშვათ შეტაკება, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში ნამდვილად შედის.

-         - თქვენი აზრით, ახალმა ხელისუფლებამ გაამართლა თუ არა თქვენი იმედები, სახელმწიფო არ ასრულებს თუ ვერ ასრულებს დაპირებას?

არ გამართლა! არც აპირებს დაპირებულის შესრულებას, რადგან ამისთვის საჭიროა ადამიანური, პოლიტიკური, პიროვნული და მოქალაქეობრივი  ნება, რომელთაც მათში ვერ ვხედავ!

-         - რა შეიცვალა საქართველოში პირველი ოქტომბრის შემდეგ?

ის, რომ ცოცხითა და ,,დუბინკით“ არ სცემენ პატიმრებს, სხვა არაფერი!

 

 

                                                                                           ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: