გაიტანეთ გრენლანდია და ლუის ნავაროც ზედ მიაყოლეთ!!!
NDI-ისმიერ გამოქვეყნებული „კვლევის“ შედეგებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველო საცდელ ლაბორატორიად აქციეს და ოდესღაც ამაყი და ღირსების მქონე ერისგან ადამიანთა ახალი ჯგუფის გამოყვანა გადაწყვიტეს!
თუ დღევანდელი საზოგადოების ფსიქიკურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, აშკარაა, რომ მიზანი ნაწილობრივ ასრულებულია - ქართველი ერი ქვევრივითაა: რასაც ჩაგვძახებენ, იმას ამოვძახებთ!
იმდენად დახავსდა და დაბლაგვდა ჩვენი ცნობიერება, ვერ ვამჩნევთ, როგორ გვაქციეს ერთმანეთისადმი დაპირისპირებულ ჯგუფებად და როგორ გვაიძულებენ თეთრზე შავის აღიარებას!
კეთილი „ძიები“ იმდენად გათავხედნენ, არა მარტო მათთვის სასურველ მთავრობას გვინიშნავენ, არამედ, ისე გვაცეკვებენ და გვამღერებენ, როგორც მოეპრიანებათ. ამ „კოშკა-მიშას“ თამაშში ნელ-ნელა ხელში გვადნება საქართველო და მთელი უბედურება იმაშია, რომ მოჯადოებული წრიდან გამოსავალს ვერ ვხედავთ.
როგორც ნებისმიერი არჩევნები, სოციოლოგიური კვლევები თავის ეგზიტპოლებიანად წინასწარ დაგეგმილი ფარსია და იგი დამკვეთის მიზანს ემსახურება.
ამ კონკრეტულ სიტუაციაში აშკარაა, რომ ლუის ნავაროს და მისი ე.წ. კანტორის მიზანი საიქიოს კარებამდე მისული „ნაციონალების“ გაცოცხლებაა.
ის, რომ ბიძინა ივანიშვილის და კოალიცია „ქართული ოცნების“ რეიტინგი დღითიდღე ეცემა, არ ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალების რეიტინგი შესაბამისად მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ ხელისუფლებას ჯერ კიდევ შერჩა „ერთგული“ და დაბრმავებული ელექტორატი, ლუის ნავარომ ბოლომდე გაუტია და თვალში ნაცარი კიდევ ერთხელ შეგვაყარა.
თავხედობა და თვალში ნაცრის შეყრა კი მინახავს და გამიგია, მაგრამ, როცა დავით ბაქრაძეს წარმატებულ პოლიტიკოსად წარმოაჩენ, დიმიტრი ლორთქიფანიძეს თბილისის მერის კანდიდატებს შორის სამეულშიც არ მოახვედრებ და ირაკლი ალასანიას ყველაზე პოპულარულ (რეიტინგულ) პოლიტიკოსად დაასახელებ, გასაგებია, ვინც ხარ და რა მოტივი გამოძრავებს!
კარგია, როცა ხელისუფლებას ძლიერი ოპონენტი ჰყავს ოპოზიციური პარტიის სახით, მაგრამ „ნაციონალების“ „ძლიერ პოლიტიკურ პარტიად“ წარმოჩენა და თითიდან გამოწოვილი ციფრებით მანიპულირება, საზოგადოების შეურაცხყოფაა, თუმცა, მთელი უბედურება იმაშია, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვაკხანალია პოზიტიური და ობიექტური დასკვნის საშუალებას არ იძლევა. პოლიტიკური სუბიექტები ან ძალიან გაცვეთილი და მარგინალიზებულნი არიან, ან იმდენად სუსტი, რომ მიახლოებითი პროგნოზების გაკეთებაც გვიჭირს!
აქედან გამომდინარე, ნაკლებად საინტერესოაNDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების განხილვა. იმდენად დიდია ცდომილება ქვეყანაში არსებულ რეალურ სიტუაციასა და თავსმოხვეულ პროგნოზებს შორის, სოციოლოგიის, როგორც მეცნიერების და სოციოლოგიური კვლევის, როგორც მეთოდის აუცილებლობაზე, ნეგატიურ წარმოდგენას შეგიქმნის.
ნიშანდობლივია ისიც, რომ გარდა „ნაციონალებისა“ ყველა უკმაყოფილოა NDI-ის კვლევის შედეგებით (თვით „ქართული ოცნებაც“ კი), რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ნაცად ხერხს კიდევ ერთხელ მიმართეს: დააბოლონ საზოგადოება და „ქართული ოცნების“ სისუსტისა და მათ მიმართ საზოგადოებაში დაგროვილი უკმაყოფილების წარმოჩენით „ნაციონალების“ ძლიერება დაამტკიცონ!
გაიტანეთ გრენლანდია და ლუის ნავაროც ზედ მიაყოლეთ!
საბა საბახტარაშვილი