"15 ივნისს "ნაციონალური მოძრაობა" საბოლოოდ დაკარგავს ძალაუფლებას"
"ქართული ოცნება" ტელეკომპანია "რუსთავი–2"-ის მიერ გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:, რომელიც საზოგადოებას პარტიის პრეს–სპიკერმა გიორგი გეგეჭკორმა გააცნო.
-"ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის მიზანი სწორედ იმ ძალადობის, უკანონო თვალთვალისა და ადამიანების შანტაჟის დასრულება იყო, რაც ქვეყანაში წლების განმავლობაში გრძელდებოდა. "ნაციონალური მოძრაობა" არ იშლის პოლიტიკაში უბინძურესი მეთოდებით ბრძოლას და აქვს მცდელობა, დააშანტაჟოს მთელი საზოგადოება. ამაში ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის მონაწილეობა, მათთან ერთად, ამ ტელევიზიასაც აკისრებს პასუხისმგებლობას. ერთის მხრივ, ეს არის ქვეყნის იმიჯის შელახვის და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობა. მეორეს მხრივ, ისინი ცდილობენ წინასაარჩევნოდ "ქართულ ოცნებაში" განხეთქილების შეტანას. მათი ეს აგონიური მდგომარეობა გასაგებია. 15 ივნისს "ნაციონალური მოძრაობა" საბოლოოდ დაკარგავს ძალაუფლებას.
გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, შს სამინისტროდან გატანილი და დაკარგულია დიდი ოდენობით აღურიცხავი პორტატული ტექნიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრ კერძო პირს მიუწვდება ხელი მსგავსი ჩანაწერების შექმნაზე. ჩვენი შეფასებით, ეს არის კარგად დაგეგმილი სცენარის და პროვოკაციების ჯაჭვის ნაწილი, რომელიც სრულიად შეგნებულადაა დაგეგმილი წინასაარჩევნო პერიოდში და ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" პასუხი წარმატებულ საგარეო პოლიტიკაზე და შიდა რეფორმებზე. დარწმუნებულები ვართ, გამოძიება ჩანაწერების ავთენტურობით დაინტერესდება, დაადგენს, ვის ხელშია აპარატურა და ვინ აწარმოებს ფარულ ჩანაწერებს. ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.
მომზადებულია სპეციალური კანონპროექტი, რომელიც საბოლოოდ დაუსვამს წერტილს, უკანონო მოსმენების შესაძლებლობას, რომელსაც უახლოეს მომავალში მივიღებთ და ამ თემით სპეკულირებას ვეღარავინ შეძლებს",– ნათქვამია განცხადებაში.