მამა პეტრე კვარაცხელია: ჩემთვის ბერძნული შოვინიზმი გაუგებარია, „ივერონის“ ქართველთა მონასტერი ქართველებს უნდა დაუბრუნდეს!
გვესაუბრება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი მამა პეტრე კვარაცხელია.
- პაპა პეტრე, ბერი ერმოლაოსის წიგნის პრეზენტაციაზე თქვენმა გამოსვლამ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, ვიდრე სხვა თემებზე ვისაუბრებთ, თქვენ როგორც წიგნის წინასიტყვაობის ავტორმა ორიოდე სიტყვით შეგვიფასეთ ბერი ერმოლაოსის წიგნი "სიცოცხლე ჩემთვის ქრისტეა"! რა ღირებულებებით გამოირჩევა იგი, რა სამსახურს გაუწევს მართლმადიდებელ მრევლს და, საერთოდ, რას იტყვით ბერი ერმოლაოსის ღვაწლზე?
- ყოველი ახალი წიგნის, როგორც სიცოცხლის დაბადება, სიხარულა, იმედაუკავშირდება. მით უფრო ისეთი წიგნისა, რომელიც ღმერთის, ადამიანის და სამშობლოს სიყვარულითაა გაჯერებული.
შეუძლებელია ამ ტიპის გამოცემებმა უკვალოდ ჩაიაროს... მისი წაკითხვის შემდეგ ნებიდმიერი ადამიანი, მორწმუნე თუ ურწმუნო, განათლებული თუ გაუნათლებელი, მოხუცი თუ ახალგაზრდა იღებს იმ საზრდოს, რაც მისთვის აუცილებელია. ათეისტს რწმენის ნასახს გაუჩენს, მცირედმორწმუნეებს კი რწმენაში განამტკიცებს!
მამა ერმოლაოსის პიროვნება მთელი მისი ინტელექტის, ღვთისმოშიშობის მიუხედავად, ჩემთვის და ალბათ ბევრისთვისაც იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის, რა არის მართალი რწმენა და რა დანიშნულება აქვს ადამიანის ამქვეყნად მოვლინებას... ათონელ ქართველ ბერს თანაბრად უყვარს ღვთის ყველა ქმნილება... განურჩევლად სქესისა, ასაკისა, ეროვნებისა, რწმენისა... სწორედ ეს არის სიყვარულის აბსოლუტური გაგება... სწორედ ეს არის უმაღლესი ღვთისმეტყველება, რაზეც დაფუძნებულია მისი ახალი წიგნი... მადლობა მას ამისთვის...
დღეს სამწუხაროდ ეკლესიასა და საზოგადოებას შორის გაურკვევლობის ყრუ კედელია აღმართული... გაცივდა ურთიერთობები, გაქრა ერთი შეხედვით სიყვარულით გაჯერებული სახეები... ამბიონზე დგომა და ქადაგებითი მჭერმეტყველება, ცოცხალი საქმეების გარეშე, ბევრად გაუგებარია, ვიდრე არაეკლესიური ადამიანის მდგომარეობა... ხალხთან თბილი, უშუალო და თანაბარი ურთიერთობებია საჭირო, რომ შეხვედრა, თანხვედრა და აზრის მოსმენა ჩამოყალიბდეს... როგორც წმინდა ილია მართალი იტყოდა ,,მყინვარი!.. დიდებულია, მყუდრო და მშვიდობიანი, მაგრამ ცივია და თეთრი. დანახვა მისი მაკვირვებს და არ მაღელვებს, მაციებს და არ მათბობს, - ერთის სიტყვით, მყინვარია... ძირი თუმცა დედამიწაზედ უდგა, თავი კი ცას მიუბჯენია, განზედ გამდგარა, მიუკარებელია. არ მიყვარს არც მაგისთანა სიმაღლე, არც მაგისთანა განზედ გადგომა, არც მაგისთანა მიუკარებლობა.დალოცა ღმერთმა ისევ თანზედ ხელაღებული, გიჟი, გადარეული, შეუპოვარი და დაუმონავი, მღვრიე თერგი... მიყვარს თერგის ზარიანი ხუილი, გამალებული ბრძოლა, დრტვინვა და ვაი-ვაგლახი. თერგი სახეა ადამიანის გაღვიძებულის ცხოვრებისა. არა, მყინვარი არ მიყვარს, მით უფრო, რომ მიუკარებლად მაღალია. ქვეყნის ბედნიერების ქვაკუთხედი კი ყოველთვის ძირიდამ დადებულა, ყოველი შენობა ძირიდამ ამაღლებულა, მაღლიდამ კი შენობა არსად არ დაწყებულა... რად მინდა მისი სიმაღლე, თუ მე იმას ვერ ავწვდები და ის მე ვერ ჩამომწვდება. ნეტავი შენ, თერგო! იმითი ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ. აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე და ეგ შენი საშიშარი ხმაურობა ბაყაყების ყიყინზედ არ შეგეცვალოს. მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი..." ასეთი მოძრაობაა საჭირო, თუ გვინდა, რომ ათონის მთაზე ივერთა მონასტერი ისევ გაქართულდეს... უფრო მეტი მოძრაობაა საჭირო... ამ რთულ გზაზე კი ,,არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა"...
- ბერი ერომლაოსი წმინდა პანტელეიმონ მკურნალის რუსულ მონასტერში მოღვაწეობს. რამდენადაც ვიცით, იგი თავდაპირველად "ივერონის" ქართველთა მონასტერში მივიდა, მაგრამ, ბერძნებმა არ მიიღეს. სხვათაშორის, თქვენ ამ თემაზე განსაკუთრებით გაამახვილეთ ყურადღება!..
- ათონის მთის ისტორია, პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან... ივერთა მონასტერი, ერთერთი პირველია ამ წმინდა მთაზე და ათანასეს ლავრის შემდეგ, ყოველთვის გამოირჩეოდა ბერმონაზვნული ღვაწლით, ლოცვით, სასულერო პირთა სიმრავლით და უდიდესი წიგნიერებით... ივერონის უკვე მინავლებული წიგნსაცავი სავსეა აქამდე უცნობი ისტორიული დოკუმენტებით თუ წერილობითი წყაროებით.
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ბერძნულ მხარეს უკვე აღარ ახსოვს საუკუნეების წიაღში ჩაკირული ისტორია... ქართველმა ბერმა იოანე თორნიკეყოფილმა მანტია გაიხადა და ბიზანტიის ინტერესების დასაცავად სამხედრო საჭურველი შეიმოსა. საიმპერატორო კარზე ატეხილი ინტრიგების წყალობით, ელინისტური კულტურის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა... ქართულმა მხარემ კი, დავით მესამე კურაპალატის მონდომებით, ბასილი მეორეს ნდობა გამოუცხადა და ასე დამარცხდა ბარდა სკლიაროსი... თბილი ურთიერთობების განსამტკიცებლად ორივე მხარე თანაბრად უნდა იღწვოდეს. ათონის მთაზე თითქმის ყველა მართლმადიდებლურ სახელმწიფოს, საკუთარი მონასტერი გააჩნია. ქართველები კი იქაც დევნილობას განიცდიან... ვწუხვარ, მაგრამ მსგავსი მიდგომა რუსეთის პოლიტიკას მახსენებს ქართული მხარის მიმართ... საერო გადასახედიდან ბევრად უფრო ადვილი გასაგებია, მსგავსი მიდგომების არსებობა, მაგრამ იქ, სადაც იესოს ლოცვის მადლზე ვსაუბრობთ, მართლმადიდებლობის ჭეშმარიტ დაცვაზე და სახარებისეულ მაგალითებზე, უხერხული თუ არ იქნება ვიტყვი, რომ ბერძნული შოვინიზმი გაუგებარზე მეტია... ვიმედოვნებ, სამომავლოდ მიდგომები შეიცვლება და საბერძნეთი გამოიჩენს ქრისტიანულ გულმოწყალებას, რომლის შემდეგ, ივერთა მონასტერში ერთხმოვან ბერძნულ საგალობელთან ერთად სამხმოვანი ქართულიც გაჟღერდება... ჩვენ თუ ვთვლით, რომ ათონელი მამები ღვთისმშობლის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არიან, მაშინ უნდა ითქვას, რომ ზეციურ დედოფალს, ნამდვილად არ გაუხარდება, მისი რომელიმე შვილი დევნას და შევიწროებას განიცდიდეს სარწმუნოების სახელით... ჩემთვის თუა ერთმორწმუნე ბერძენი ძმა, მისთვისაც მინდა რომ ასე იყოს და საბოლოოდ მრავალსაუკუნოვანი სამართლიანობა აღდგეს... სხვა შემთხვევაში მაგალითისთვის მეზვერის და ფარისევლის ლოცვა მახსენდება...
- მადლობა უფალს, გარდა ბერი ერმოლაოსისა, ათონის წმინდა მთაზე სხვა მამებიც გამოჩნდნენ - უკვე არსებობს ქართველთა საძმოც. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ქართული მონასტრული ცხოვრება ამ წმინდა მიწაზე თანდათან ძლიერდება და შეიძლება "ივერონის" მონასტრის დაბრუნების შანსიც გაგვიჩნდეს?!
- ბიზანტიის პოლიტიკა საქარტველოს მიმართ არაერთაზროვანი იყო. არც ქართველი მეფეები იყვნენ გულგრილნი საიმპერატორო ტიტულებთან დამოკიდებულებაში... იქ, სადაც ეროვნულობა სარწმუნოებაზე მაღლა დგას, ეკლესია-მონასტრებზე ზრუნვა და თავგანწირვა მხოლოდ გარეგნულია. რატომ აღიგავა პირისაგან მიწისა ერთ დროს უძლეველი მიზანტიის იმპერია?! რატომ ჩაქრა აია სოფია?! რატომ გაბატონდა ჩვენს სამხრეთით ერთმორწმუნე სახელმწიფოს ნაცვლად, ოტომანთა იმპერია?! შემთხვევით ხომ არაფერი ხდება, მით უფრო ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა... თუმცა მარტო სხვას დავაბრალოთ, არ იქნება გამოსავალი... ჩვენც უნდა ვიმსახურებდეთ, ივერონში დაბრუნებას... ალბათ არ გვაქვს მძაფრი სურვილი ,,შინდაბრუნებისა", თორემ ზეციური დედოფალი აუცილებლად მიგვიღებდა... უმძიმესი გულისტკივილით მახსენდება იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერში ბერძენი ბერის მიერ, რუსთაველის ფრესკის განადგურების მცდელობა... რით შეიძლება ეს აიხსნას?! ნუთუ მართლა სანახაობრივი გახდა სარწმუნოება? ამ გარეგნულ სანახაობას კი მე არ ავყვები და სამწუხაროდ ვერ ვიტყვი, რომ მსგავსი ფაქტები ,,შემთხვევითია"... ჩვენც უნდა ვისწავლოთ საკუთარის დაფასება და შენარჩუნება... სიკვდილის პირას მისული მეფე გიორგი სინანულით აალაპარაკა დიდოსტატმა: ,,მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოსები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს, ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი - გურგენ მაგისტროსი, მამაჩემი - ბაგრატ კურაპალატი, და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე, ბაგრატს. ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი. ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, პიპა, ამიტომაც მშვენიერს, "უცხოს" უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს - "ბერძნულს, ხოლო საუკეთესო ცერცვსაც - ბერძნულს...
ღმერთი ეროვნულობის ნიშნით არ არჩევს ადამიანს. მისთვის მთავარი ღვთის მცნებების ერთგულება და ჯვრის ფორმის სიყვარულია... ვერტიკალური და ჰორიზონტალური-ადამიანების და ღვთის... ღვთის სიყვარული კი ადამიანებისადმი დამოკიდებულებით იწყება... თუნდაც იყოს იგი ათონის მთაზე მოღვაწე ქართველი, რომელიც ივერთა მონასტერს, წმინდა პანტელეიმონის სახელობის სავანის სენაკიდან გაჰყურებს...
ესაუბრა მირანდა ჭარხალაშვილი