სოსო ცისკარიშვილი: ,,შეიძლება ეს არჩევნები არ იყოს ტრიუმფი ,,ქართული ოცნებისთვის", მაგრამ სხვებზე უპირატესი შედეგის მისაღებად ხმების გაყალბება არ დასჭირდება!"

სოსო ცისკარიშვილი: ,,შეიძლება ეს არჩევნები არ იყოს ტრიუმფი ,,ქართული ოცნებისთვის", მაგრამ სხვებზე უპირატესი შედეგის  მისაღებად  ხმების გაყალბება არ დასჭირდება!"

,,ვინ რა დათესა ისეთი, ასეთი პრემიები რომ მოიმკო?"  

,,ივერიონის"  კითხვებს პასუხობს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.

-ბატონო სოსო, ცნობილი გახდა, რომ , საქართველოში გამეფებული დუხჭირი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს მიუხედავად, ქართული სამინისტროები უზარმაზარი პრემიებით საჩუქრდებიან. თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურია დასახელებული ციფრები ქართულ რეალობასთან?

-უპირველეს ყოვლისა, პრემიერ-მინისტრმა  უნდა იცოდეს, ვის რა დამსახურების მიხედვით დაენიშნა ასეთი პრემია, ვინ რა დათესა ისეთი, ასეთი პრემიები რომ მოიმკო?  ეს საკითხი 1-2 სამინისტროს რომ ეხებოდეს, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა, მაგრამ , როცა  ეს სისტემურია, პასუხს პრემიერისგან ველოდებით.

 საინტერესოა, რატომ არავინაა დაინტერესებული ამ საკითხის გამოკვლევით?!  ვიცე-პრემიერი უნდა იყოს არა ფორმალური პერსონა, რომელიც მინისტრის საქმიანობისგან მოცლის დროს გაიხსენებს, რომ ვიცე-პრემიერია, არამედ ის უნდა იყოს სამინისტროების აპარატთან მომუშავე ვიცე-პრემიერი და გასცეს პასუხი ამგვარ ფაქტებზე.

 მაშინ, როცა პრეზიდენტს ინაუგურაციამდე შეუმცირეს ხელფასი 2000 ლარით, მინისტრების მიმართ რა ხდება, დამოუკიდებლად დგამენ ამ ნაბიჯს?!  პარადოქსია, მაგრამ სასჯელაღსრულების მინისტრმა არაფერი იცოდა საკუთარი პრემიის შესახებ. 

-ჩვენში გავრცელებულია აზრი, რომ ქართული პარტიები უცხოეთიდან ფინანსდება და ისინიც იძულებულნი არიან დამფინანსებლის ,,დაკვეთა"  შეასრულონ.  როგორ ფიქრობთ, აფინანსებს თუ არა ,,ქართულ ოცნებას" ქართული ბიზნესი?

-უცხოეთიდან დაფინანსება იკრძალება, ამაზე გვერდის ავლა სავალალო იქნებოდა. რაც  შეეხება ადგილობრივ ბიზნესს, შევთანხმდეთ, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა ძალიან დაბალია, აქედან გამომდინარე, ბიზნესს არ სურს აუტკივარი თავის ატკივება და ურჩევნია დააფინანსოს სახელისუფლებო სურვილები. 

-თქვენი კოლეგა კახი კახიშვილი ღიად აცხადებს, რომ ქართული ბიზნესი ისეთივე წნეხის ქვეშაა, როგორც წინა ხელისუფლების დროს იყო, რადგან მასზე მმართველი კოალიცია ძალმომრეობსო. თქვენ რას იტყოდით  ამის შესახებ?

-მე არ ვიცი კახის რა მტკიცებულებები აქვს, თუმცა ის სიტყვებს ჰაერში არ ისვრის. საერთოდ, თვალ-ყურია სადევნებელი ანტიმონოპოლიურ სამსახურზე, პრემიერის დანიშნული ბიზნესომბუდსმენები უნაყოფო პროდუქტები არიან. გასაკონტროლებელია კონკურენციის პირობების დამცველი კანონის ეფექტურობა. მე ვფიქრობ, ჩვენს მთავრობას მონოპოლიზმის ახალი ეპიდემია გაუჩნდა, ესაა საქართველოს ფოსტის, ფოთის პორტისა თუ სხვა გადამზიდების ხელში ჩაგდების სურვილი. ,,მე ვარ და ჩემინაბადიო!" - ჟღერს ხელისუფლების გადაწყვეტილებებში. საინტერესოა, ეკონომიკური საბჭო თურქმენეთს ხომ არ  ჰბაძავს   DHL-ტიპის კომპანიების ბაზრიდან გაძევების გადაწყვეტილებით!  გამოსავალი ერთია, ბანკ ,,ქართუს" გამკოტრებელსა და პასუხისგებაში მიცემულ ჩხენკელს, პრემიერის დღევანდელ ეკონომიკურ მრჩეველს,  უნდა მოვთხოვოთ პასუხი. 

-კარზე მოგვადგა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. რა შედეგს ელოდებით და ჩაივლის თუ არა ის ისევ ტრიუმფალური გამარჯვებით ,,ქართული ოცნებისთვის"?

-შეიძლება ეს არჩევნები არ იყოს ტრიუმფი ,,ქართული ოცნებისთვის", მაგრამ სხვებზე უპირატესი შედეგის  მისაღებად  ხმების გაყალბება არ დასჭირდება!

-მოახერხებს თუ არა ,,ნაციონალური მოძრაობა" რეაბილიტაციას და მეორე ადგილის დაკავებას?

 -რეალურია ისიც, რომ ,,ნაციონალების" რეაბილიტაცია არ მოხდება. შეძლება რომელიმე რეგიონში დაიკავონ არჩევითი თანამდებობა, დიდია ალბათობა ,,ოცნების" ფრთებქვეშ სახეცვლილნი მოხვდნენ იქაც, რაც  ,,ოცნების"  უნიათობის ბრალი იქნება.  

-მოგეხსენებათ, მამუკა კაციტაძემ ნინო ბურჯანაძის ალიანსი ღიად გამოაცხადა ხელისუფლებასთან მესამე კოჰაბიტირებულ ძალად. თქვენი კომენტარი?

-ბურჯანაძის პარტია მაშინ არ აღმოჩენილა ივანიშვილთან, როცა ამის შანსი ყველაზე მეტად ჰქონდა მას. მართალია, წინასაარჩევნოდ გინდა შენი ოპონენტის დისკრედიტაცია, მაგრამ ასეთი ცილისწამება არაბუნებრივია,.

-სიტყვამ მოიტანა და გვაინტერესებს თქვენი აზრი, რა საჭიროა ასე სოკოებივით მომრავლებული პოლიტიკური პარტიები საქართველოში?

სოკოების რაოდენობა მართლაც ბევრია, 230 პარტიამდეა და,  კიდევ კარგი,  აქედან 15 პირი იბრძვის საარჩევნოდ, მაგრამ  2500-მდე  ასარჩევი ხომ გვყავს საკრებულოებში, მერიაში და ა.შ.  ნებისმიერ შემთხვევაში,  გარდაუვალი იქნება შფოთი , რადგან ბევრი დარჩება უკმაყოფილი. იქნება პროტესტი, ცილისწამება, რაც მხოლოდ რუსეთს გაახარებს, რადგან ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტზე ხელმოსაწერად საქართველოს მზაობა გადაიხედება. ეს რომ არ მოხდეს,  პრეზიდენტისა და პრემიერის უსაფრთხოების საბჭოებს კინკლაობის გვერდზე გადადება და თანმშრომლობა მოუწევთ.

 

                                                                      ესაუბრა ია ჯღარკავა 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: