რატომ იმუქრება ლალი მოროშკინა და ვის გადაიყოლებს იგი?!
სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი ლალი მოროშკინა სამსახურებრივი მოვალეობისგან მის მოულოდნელ და არაკანონიერ გათავისუფლების მიზეზებზე ხმამაღლა საუბრობს და სასამართლოთი იმუქრება.
იგი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს, რათა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებული ვითარება პირადად აუხსნას.
მოროშკინამ დღეს საგანგებოდ მოწყობილ ბრიფინგზე ჟურნალისტებს წარმოუდგინა მის მიერ სპეციალურად გადაღებული ციხის საკნების ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია იქაური გაუსაძლისი გარემო-პირობები.
იგი თავის საამაყო ინიციატივად მიიჩნევს იქიდან პატომრების კეთილმოწყობილ ციხეებში გადაყვანას და ამბობს, რომ ძველი საკნის ფოტოები მხოლოდ მას აქვს, რადგან ხელისუფლებამ არ მოიტყუოს, ის ციხეებიც კეთილმოწყობილი იყოო.
ლალი მოროშკინა ასევე აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან პრობლემები იქაურ დარღვევებზე აქცენტირების შემდეგ დაეწყო, ხოლო არაუფლებამოსილი პირის მხრიდან მის სამსახურიდან განთავისუფლებაზე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერიდან შემთხვევით შეიტყო.
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პარლამენტს ლალი მოროშკონას მიერ მითითებული დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდა, ამასთან საიასთან ერთად მისი დისკრედიტაციის შეწყვეტა მოითხოვა!
მოროშკინამ ,,საქართველოს ბანკიდან“ წარმოადგინა სახელფასო ქვითრები და საკრედიტო ამონაწერები, თან დასძინა, რომ ახალი მანქანისა და ტელეფონის ვალს დღემდე იხდის. იგი არც ,,საქართველოს ბანკის“ საქმეების ,,გართულებას“ გამორიცხავს.
,,მე გახლდით სასჯელაღსრულების მინისტრის შტატგარეშე მრჩეველი და ვმუშაობდი 1600 ლარად; არ ვიღებდი პრემიებს (არადა, ირინა იმერლიშვილის დამ სოფო იმერლიშვილმა 14 000 ათასი ლარი აიღო); შიდსიანებისა და ტუბერკულიოზიანებისთვის მე უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე ტონი მონტანამ (დარბაისელმა) და პრემიამიღებულებმა;
საოპერაციო პატიმრებს საავადმყოფოებში დავყვებოდი, რადგან იქ უჩემოდ არ მიდიოდნენ; არ ვიყენებდი სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ მანქანას, რომლითაც დღეს დეპარტამეტის ხელმძღვანელისცოლი დადის; 1-ელ სექტემბერს ცნობილი სტიქიის ზონაში გახლდით, სადაც ჩემს მანქანას მეხი დაეცა და ძლივს გადავრჩი, თუმცა ხადურისა და მიხეილ ღურწკაიას მიერ შემოთავაზებულ ავტომანქანაზე უარი ვთქვი და კრედიტით ახალი მანქანა გამოვიყვანე (ამ დროს ძველი მანქანის კრედიტიც არ მქონდა დაფარული); თუ მართალი არ ვიყავი, რატომ გაათავისუფლეს თანამდებობებიდან ჩემ მიერ დადანაშაულებელი პირები?
ტყუილია ბრალდება, რომ მე საფრანგეთის სასტუმროებში სახელმწიფოს ფულით დავდივარ, რადგან ჩემი ორი და პარიზსა და შვეიცარიაში ცხოვრობს, სადაც მე სასტუმრო არ მჭირდება; უფრო საინტერესოა, რატომ არ არის ხოლმე დარბაისელი საქართველოში, სადაც სამსახური აქვს და ხშირად დადის საზღვარგარეთ. პრემიების გარდა, გამოსაძიებელია მისი არამიზნობრივი ხარჯებიც, რომელშიც ქალის სუნამოები, ჰოლანდიური ყველის მარაგი და რედბულის შოკოლადები იგულისხმება?! 38 000 ჯიბეში რომ ჩაიდო, შოკოლადზე მაინც ვერ ჩავიდა თავისი ფეხით?!“ - აცხადებს ლალი მოროშკინა.
მოამზადა ია ჯღარკავამ