ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე ნუ ოცნებობთ!
საინფორმაციო სააგენტო „Deznews“-მა გამოაქვეყნა „ამონარიდი“ ბიძინა ივანიშვილის „ინტერვიუდან“ სათაურით: „ბიძინა ივანიშვილი: _ ამ გუნდმა არ გაამართლა, როგორც წავედი პოლიტიკიდან, ისევე მოვალ!“, რომელიც მან თურმე გაზეთ „FINANCIAL TIMES“-ს მისცა.
„Deznews“-ი იმის „Deznews“-ია, რომ დეზინფორმაცია გაავრცელოს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ზღაპარი საზოგადოებამ აიტაცა.
ამაზე მეტყველებს სოციალურ ქსელში აღნიშნული ამონარიდის ასეულობით გაზიარებები და სასაცილომდე დასული კომენტარები.
სააგენტო „ჭორნიუსი“-ს („Deznews“-ი ქართულად ასე იშიფრება) მამამთავართა სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მათ ბიძინას სოტყვებს დამაჯერებლობა შესძინეს და ყველაფერი ისე დაალაგეს, როგორც ეს საზოგადოებას ესიზმრება!
მართალია, ხალხი დღევანდელი ხელისუფლებით უკმაყოფილოა და კრიტიკის მარცვალი ივანიშვილზეც მოდის, მაგრამ ცაც რომ ჩამოიქცეს და ერთადერთი შემაკავებელი ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდეს (ყოველ შემთხვევაში ეს მისია იკისროს), არ უნდა დავუჯეროთ!..
მე პირადად (და, ალბათ ძალიან ბევრია საზოგადოებაში ჩემი თანამოაზრე)ოცნებაშიც ვერ შევეგუები ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას. ჯერ ერთი, საქართველო „кошка-мышка“-ს სათამაშო არენა არ არის, მეორეც, ერთი და იგივე წყალში ორჯერ არ შედიან და მესამეც, ის პრობლემები, რაც ხელოვნურად შექმნა დღევანდელმა ბედოვლათმა ხელისუფლებამ, ივანიშვილის დანატოვარია!..
ასე რომ, ივანიშვილის დაბრუნებაზე ნუ იოცნებებთ, ხომ ხედავთ „ოცნება“ ისედაც ძალიან ფუჭი გამოდგა.
საბა საბახტარაშვილი