„ბიძიებო, მამიდებო... დაგვეხმარეთ!“
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „ივერიონის“ ოფიციალური განცხადება
ამ ბოლო ხანებში „ივერიონმა“ თურმე ახალი თავსატეხი გაუჩინა ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს, კერძოდ, მათ თურმე ძალიან აინტერესებთ- რომელი პოლიტიკური თუ ფინანსური ჯგუფი დგას ჩვენი სააგენტოს უკან, ანუ ვინ გვაფინანსებს?!
თავისთავად არ არის ცუდი, როცა მედიასაშუალება ყურადღების ეპიცენტრში ექცევა, მაგრამ ცუდია, თუ ამ გაძლიერებული ინტერესის მიღმა კეთილშობილური ჟესტი არ იმალება...
„ივერიონი“ კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ცარიელ ენთუზიაზმზე აკეთო ქართული საქმე - დიახ, ავად თუ კარგად, არსებობს მედიასაშუალება, რომელიც არავის დაკრულზე არ ცეკვავს და არანაირ ბინძურ დაკვეთას არ ასრულებს!
ძნელია იმის თქმა, რამდენ ხანს გაგრძელდება მხოლოდ ენთუზიაზმით სააგენტოს არსებობა, მაგრამ უფლის წინაშე შეგვიძლია განვაცხადოთ: ჯერჯერობით არავისგან არანაირი ფინანსური მხარდაჭერა (მათ შორის, არც სარეკლამო) არ მიგვიღია. მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზება ნამდვილად იყო, გარკვეული ჯგუფების ბინძურ თამაშებში ჩართვას არანაირი საზღაურის ფასად არ ვაპირებთ!..
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, საერთოდ უარს ვამბობდეთ ფინანსურ მხარდაჭერაზე, თუ რა თქმა უნდა, „ივენიონის“, როგორც ობიექტური (მიუკერძოებელი) მედია-საშუალების იმიჯს საფრთხე არ შეექმნება!
მათ, ვისაც ძალიან აწუხებს ჩვენი სააგენტოს გააქტიურება, შევახსენებთ: მთავარი ის კი არ არის, რის ფასად, რას მოიპოვებ - მთავარია, იაფფასიანი (ადვილად შესაძენი) „საქონლის“ იმიჯი არ დაიმკვიდრო და უკან მოხედვის არ შეგეშინდეს!
თუ ვინმეს თამამი და მიუკერძოებული მედია-საშუალების უანგაროდ გაძლიერების სურვილი გაუჩნდა, სიამოვნებით მივიღებთ ასეთ შემოთავაზებას და ყოველნაირად ვეცდებით არ გავაწბილოთ!
თუ უფრო ხატოვნად ვიტყვით:
„ბიძიებო, მამიდებო... დაგვეხმარეთ!“ ოღონდ ჩვენთვის მიუღებელ ინსტრუქციას ნუ მოაყოლებთ!
P.S. არსებითი მნიშვნელობა არა აქვს რომელ გვერდზე,ან რომელ ადგილზე ვიქნებით Top.ge-ს რეიტინგში (ისიც საკითხავია, რა კრიტერიუმით დგება ეს რეიტინგი),ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ერთხელ გაკვალული გზით ვიაროთ და ობიექტური მედიასაშუალების იმიჯი შევინარჩუნოთ!
„ივერიონის“ შემოქმედებითი ჯგუფი