დავით კეზერაშვილი განაჩენს 26 მაისს ელოდება
თავდაცვის ექს–მინისტრ დავით კეზერაშვილს განაჩენს 26 მაისს გამოუცხადებენ. საქმე ეხება სპირტის საქმეს, რომელზეც სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპი დასრულდა.
გავრცელებული საბრალდებო დასკვნის მიხედვით, დავითაშვილმა და იმნაძემ ყურძნის მასალასთან ეთილის სპირტის შერევით და ტექნოლოგიური მანიპულაციებით, ფალსიფიცირებული საკონიაკე სპირტის წარმოება განიზრახეს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მათ დაარეგისტრირეს შპს "განთიადი" და შპს "ნაფარეული" და სახელმწიფო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით შეადგინეს დანაშაულებრივი სქემა, თუ როგორ უნდა შემოსულიყო ეთილის სპირტი შიდა ბაზარზე ისე, რომ არ მოქცეულიყო იმპორტის დაბეგვრის რეჟიმში. დავითაშვილმა და იმნაძემ სუფრაზე გაიცნეს ფინანსური პოლიციის იმჟამინდელი უფროსის დავით კეზერაშვილის დის ქმარი მეირი ჯანაშვილი, გაანდეს დანაშაულებრივი გეგმა და სთხოვეს შუამდგომლობა დავით კეზერაშვილთან. ჯანაშვილი მოელაპარაკა კეზერაშვილს, რომელმაც ბიზნესის მფარველობის სანაცვლოდ 1 ლიტრ სპირტზე 0,3 ამერიკული დოლარის გადახდა მოითხოვა. გამოძიების მასალებით, კეზერაშვილისგან თანხმობის მიღების შემდეგ. იმნაძემ და დავითაშვილმა უკრაინული სპირტის საწარმოს შეუკვეთეს 480 ტონა ეთილის სპირტი და საქმიანობა დაიწყეს. 2007 წლის 8 იანვარს, 240 ტონა სპირტი დავით კეზერაშვილის დახმარებით, საქართველოში შემოვიდა, რის სანაცვლოდაც მან ქრთამის სახით 72 000 აშშ დოლარი აიღო. ამავე წლის 5 თებერვალს, აღნიშნულმა პირებმა საქართველოში კვლავ 240 ტონა სპირტი შემოიტანეს _ კეზერაშვილს ისევ 72 000 აშშ დოლარი ერგო. 2007 წლის 7 თებერვლიდან 11 მაისის ჩათვლით, საქართველოში 2445 065 ლიტრი სპირტის შემოტანის სანაცვლოდ, კეზერაშვილმა ქრთამის სახით 733 519 აშშ დოლარი მიიღო. 2007 წლის მაისის ბოლოს, უკვე თავდაცვის მინისტრმა კეზერაშვილმა ქრთამის სახით გადასახდელი თანხის გაზრდა მოითხოვა. კერძოდ, 1 ლიტრ სპირტზე ის 0,7 დოლარს ითხოვდა, შესაბამისად, 2007 წლის 8 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში შემოტანილ 3 353 269 ლიტრ სპირტზე მას 2 011 961 აშშ დოლარი გადაუხადეს. 2008 წლის იანვრიდან, კეზერაშვილმა კვლავ გაზარდა ქრთამად მისაღები თანხის რაოდენობა და 2 203 646 ლიტრ სპირტზე 1 542 552 აშშ დოლარი აიღო. 2008 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე, შემოტანილ 410 252 ლიტრ ეთილის სპირტზე ქრთამად აიღო 237 946 აშშ დოლარი. თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი იცავს. ის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამტკიცებს რომ კეზერაშვილი პოლიტიკურად იდევნება. მისი თქმით, პროკურატურა კეზერაშვილს 12 მილიონი დოლარის ქრთამის აღებას ედავება და მხოლოდ 60 ათასი დოლარის ჩარიცხვის ფაქტს ადასტურებს. ადვოკატი ეჭვქვეშ აყენებს შემოტანილი და რეალიზებული სპირტის რაოდენობასაც, რადგან მისი თქმით, ამ შემთხვევაში, მთელი ერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ უნდა ყოფილიყო.
განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათისთვის გამოცხადდება. გარდა აღნიშნული ეპიზოდისა, კეზერაშვილს კიდევ ერთი ბრალდება აქვს წარდგენილი. საუბარია რიყის ტერიტორიის გასხვისებისა და ტელეკომპანია "იმედის" უკანონოდ მითვისების საქმეზე.