გიორგი ლილუაშვილი:-"ხელისუფლება-უმრავლესობაც და უმცირესობაც, თამამად გადიან ურთიერთ გარიგებებზე და მანიპულირებენ არჩევნების შედეგებით"
"მერაბ კოსტავას საზოგადოების" თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლის და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს არსებულ დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს.
-დარღვევები არის და ეს საზოგადოებისთვის თვალნათლივაც ჩანს, გარკვეული სუბიეტების მიმართ პრივილეგიების დაწესება, რაიმე ნიშნით უკვე თანასწორუფლებიანობის პრინციპს არღვევს, მაგალითისათვის მოგიყვანთ "იმედის" ეთერში გარკვეული სუბიექტებისათვის უფასო პარტიული წარდგინებების გაკეთებას, მათ შორის არაკვალიფიციური სუბიეტებისთვისაც და ამას კეთილ ნებას თუ სურვილს არქმევენ. მე წინაარმდეგი ვარ და ვიქნები ანტიდისკრიმინაციული კანონის, როგორც ცალკე კანონად არსებობის, თუმცა ხელისუფლება, რომელიც ჩქარობდა ამ კანონის მიღებას და აცხადებდა, რომ ეს კანონი ყველას ეხებაო, აგერ არის აშკარა მაგალითი, თუ როგორ დისკრიმინაციულ პირობებში გვაყენებენ პარტიული შეხედულებების გამო. არ გვეძლევა უფასო სარეკლამო დრო წამყვან სატელევიზიო კომპანიებსა და გადაცემებში.
-29ში იწყება აიდი ბარათების ალტერნატივის მოთხოვნით მორიგი აქციები, რა აზრის ხარ აიდი ბარათზე და რამდენად უნდა გაითვალისწინოს მთავრობამ ამ 1000000 ადამიანის მოთხოვნა? თუ ეს ადამიანები არჩევნებზე არ წავლენ, ეს შედეგებზე არ აისახება?
-ხელისუფლება ვალდებულია გაითვალისწინოს საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნები, აიდი ბარათებთან დაკავშირებული საკითხი მიმაჩნია ხელისუფლების მიერ კიდევ ერთ პროვოკაციულ ხელოვნურად შექმნილ პრობლემად. ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა ალტერნატიულ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. თითოეული საქართველოს მოქალაქის გადაწყვეტილება აისახება არჩევნებზე და თავისთავად ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის პროტესტი და არჩევნებზე არ მისვლა თავის კვალს დატოვებს ამ არჩევნებზე, თუმცა კანონმდებლობა არჩევნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობით განსაზღვრავს არჩევნების შედეგებს და არჩევნები მაინც ჩატარებულად ჩაითვლება, ამიტომ უმჯობესია არჩევნებზე მისვლა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, ამომრჩეველმა მხარი დაუჭიროს იმ კანდიდატს, რომელიც ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს, ეს უფრო შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე არჩევნებზე არ მისვლა.
-როგორ ფიქრობთ, თუ შედეგი ისევ ისეთი დადგა, პირველ ადგილი "ოცნებას" და მეორე-" ნაციონალებს", რას იზამს ოპოზიცია? ხომ არ გამოიწვევს ეს ქუჩაში გასვლას?
-სამწუხაროა, მაგრამ ოპოზიციაში გამოკვეთილი ლიდერები არ არსებობენ, არ არის ერთიანი სახელმწიფოებრივი ხედვა და რეალურ ოპოზიციას არ აქვს ფინანსური რესურსები, ხოლო მართვად ოპოზიციას ეს ფინანსები გააჩნიათ, რომელიც ორთქლის გამოშვებას ემსახურება და ხალხის რისხვას ანეიტრალებს, ამიტომ, ხელისუფლება- მე ვგულისხმობ როგორც უმრავლესობას ისე უმცირესობას თამამად გადიან ურთიერთ გარიგებებზე და მანიპულირებენ არჩევნების შედეგებით, ხალხის გამოსვლა უფრო სოციალური პრობლემების გადაუჭრელობის გამო მოხდება ვიდრე არჩევნების შედეგების.
თამარელა თეთრაძე