თამაზ აქუბარდია:-,,ხათუნიზმი" ისეთი აღარაა, როგორც ადრე!"

თამაზ აქუბარდია:-,,ხათუნიზმი"  ისეთი აღარაა, როგორც ადრე!"

   ,,ივერიონს" ესაუბრება ,,მწვანეთა პარტიის" წევრი და საკრებულოს წევრობის კანდიდატი სამგორის რაიონიდან თამაზ აქუბარდია.

 -ბატონო თამაზ, თქვენ ყოფილი პარლამენტარი ბრძანდებით, თუმცა შემდგომ სამეცნიერო მოღვაწეობას დაუბრუნდით. მკითხველს ახსოვს თქვენი საკმაოდ კრიტიკული წერილები და გამოსვლები სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს თქვენ სამგორის რაიონში საკრებულოს წევრად ,,მწვანეთა პარტიიდან""  იყრით  კენჭს. ისევ პოლიტიკაში ხომ  ბრუნდებით?

 -უპირველეს ყოვლისა, ბატონ გია გაჩეჩილაძეს ვცემ დიდ პატივს, რომელმაც ამ ნაბიჯის გადადგმა შემომთავაზა. ,,მწვანეთა პარტია" ერთ-ერთი უძველესია და მე მისი წევრი 2013 წლის 31 იანვრიდან გახლავართ. რადგან  ,,ქართულმა ოცნებამ"  ხალხს იმედები გაუცრუა, გადავწყვიტე მემოქმედა, თორემ 62 წლის ვარ და რა დროს ჩემი პარლამენტში დაბრუნებაა!

 -საარჩევნო ბატალიები თითქმის დასასრულს უახლოვდება. როგორი საარჩევნო გარემოა დღეს ქვეყანაში და არის თუ არა გაყალბების მცდელობა?

 -მე ინტენსიურად ვხვდები სამგორის რაიონის მოსახლეობას: წინა უბანში, სანაგორში, ვარკეთილის მეურნეობაში, დიდსა  და პატარა ლილოში. ძალიან ბევრი გაიძახის, არჩევნებზე არ მოვალთო. ჩემი სურვილია, მოვიდნენ და, თუ უნდათ,  ყველა გადახაზონ! 

პრემიების თემამ წარმოუდგენელი ნიჰილიზმი გააჩინა ხალხში. რაც შეხება გაყალბებას, ამერიკული დოკუმენტური ფილმიდან გავიგე, რომ კენედი გაყალბებით მოსულა ხელისუფლებაში. ანუ, თუ გაყალბების შანსი მიეცემათ, გააყალბებენ, თუმცა  ,,ხათუნიზმი" (ხათუნა გოგორიშვილს მოიაზრებს არჩევნების მთავარ გამყალბებლად) ისეთი აღარაა, როგორც ადრე. ის,  რომ ყველგან N41 და  ნარმანიაა გაკრული და ბიზნესიც მათ აფინანსებთ,  არ მომწონს!

 -როგორ ფიქრობთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამ  რამდენად იმოქმედა ,,ქართული ოცნების" რეიტინგზე?

 -სააკაშვილისაც  უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა ამერიკა-ევროპის მხრიდან, მაგრამ, ხედავთ,  როგორ გადააყენა ხალხმა, ასე დაემართებათ ამათაც. გია გჩეჩილაძეს კი იმხელა რეიტინგი აქვს ხალხში, რომ ცდილობენ, მედიაში აკრძალონ.  NDI-ის ნდობა ქართულ საზოგადოებას არ აქვს, თუმცა გიამ მათი მონაცემებით 26% მიიღო. როგორც ჩემი ძმა, დავით აქუბარდია, იტყვის ხოლმე: ,,დანიის სამეფოში ყველაფერი კარგად არ არის".

 -შეძლებთ თუ არა არჩევნების შედეგების პროგნოზირებას,  ჩაანაცვლებს თუ არა ბურჯანაძის ალიანსი ,,ნაციონალურ მოძრაობას"?

 -იცით, რას გეტყვით, ბურჯანაძე ,,ნაციონალების" ძველი  სატელიტი პარტიის -,,ქრისტიან-დემოკრატების" სახელით გამოდის, მაგრამ ცუდია, რომ ,,ნაციონალებს" მაინც ვერ ჩაანაცვლებს! 

 -თქვენი აზრით, დიმიტრი ლორთქიფანიძეს კენჭი დამოუკიდებლად რომ ეყარა, მეტ მხარდაჭერას მიიღებდა საზოგადოებისგან?

 -რა თქმა უნდა. მოსახლეობა ბურჯანაძეს 7 ნოემბერს არ აპატიებს, თუმცა 26 მაისით კი გამოისყიდა. 

 -ბატონო თამაზ, ლევან ვასაძი მიმართვამ ხელისუფლებისადმი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. როგორ ფიქრობთ,  მოევლინება თუ არა ის საქართველოს ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერად?  

 -ლევან ვასაძეს  ერთი რამის გაკეთების ნიჭი აქვს და მიხედოს მაგას! პოლიტიკოსობას ვერ ისწავლი, პოლიტიკოსად უნდა დაიბადო, რაც ბიძინას მაგალითმაც კარგად აჩვენა. 

 -ვინ არის თქვენი რეალური კონკურენტი და გაქვთ თუ არა გამარჯვების შანსი?

 -მე არავის ვემტერები. ,,მწვანეთა პარტიას" 10 წელი ბლოკავდა სააკაშვილის რეჟიმი, ეს გრძელდება დღესაც. მე მგონია, ხალხი შემოხაზავს  N6-ს და ბარიერს მაინც გადავლახავთ. ასე  რომ,  სამ კაცს მაინც შევიყვანთ საკრებულოში.

 -ცნობილია, რომ  გია გაჩეჩილაძემ პროტესტით დატოვა ,,ქართული ოცნება". ეს სატელიტი პარტიის პოლიტთამაშია თუ... ?

 -დიახ, დატოვა! გიასთანა გარემოს დამცველი ქვეყანას მეორე არ ჰყავს -  მისი დაწერილია გარემოს დაცვის კანონები და პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობაც არ აღირსეს, არაფერს ვამბობ  მისი პარტიის დაუფინანსებლობაზე. რა სატელიტობაზეა ლაპარაკი, სისხლგამშრალია კაცი!

 -თქვენ მეცნიერ-ეკონომისტი ბრძანდებით, როგორ შეაფასებთ დღევანდელი ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას? რა შეძლო და რა  ვერ შეძლო მან?

 -სააკაშვილი,  თავის დროზე,  ,,პოტიომკინის სოფლებს"  (თვალის ასახვევი პოლიტიკა) აშენებდა და ნეპოტიზმი ყვაოდა.  ,,ქართულ ოცნებას" განადგურებული ეკონომიკა და გაბერილი ციფრები დახვდა. მათ, ფაქტობრივად, არც იცოდნენ, რა ხდებოდა ,,პატიოსანი მერის" - უგულავას  მერიაშიც.  

რატომ ვერ დასწია ფასი ხელისუფლებამ ბენზინზე, რომ გითხრათ, ამას სკანდალი და აჯანყება მოჰყვება. ეკონომიკის საკითხებში მივესალმები პრემიერ ღარიბაშვილის პოლიტიკას, რადგან ის ქართული საწარმოების აღმშენებლობას უწყობს ხელს!

-როგორ ფიქრობთ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამართლებული გიგი უგულავა დაუბრუნდება თუ არა თბილისის მერის პოსტს?

-პრინციპულობის გამო დაუბრუნდება, თუმცა თავად უპრინციპობის განსახიერებაა. კაცმა 48 მლნ-ზე მეტი მოპარა ხალხს და თავისუფლად დადის, თუმცა, არ დაგავიწყდეთ, სასამართლო კუბლაშვილისაა!

 -რა იქნება თქვენი, როგორც სამგორის რაიონისა  და ,,მწვანეთა პარტიის"  წარმომადგენლის მთავარი მესიჯი ამომრჩევლისადმი?

-ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. იქიდან გამოჟონილი სითხე ივრიდან გამოყვანილ არხებში ჩაედინება და  ჩვენ ვსვამთ. ჯერ ექსპერტებთან ერთად შევისწავლი  იქაურობას და ისე გადავჭი ამ პრობლემას. იმქვეყნად წასვლამდე კარგი საქმები უნდა ვაკეთო!

                                                                                                 

                                                                                                      ესაუბრა ია ჯღარკავა

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: