,,ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს „ერთჯერადად გადადგომისკენ“ მოუწოდებს.
ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტის მიერ პრემიერისთვის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის უფლებამოსილების ერთჯერად მინიჭებას გამოეხმაურა.
“ერთის მხრივ, შეიძლება, პრეზიდენტი შევაქოთ, რომ მან სახელმწიფოებრივად იფიქრა, თუმცა მეორე მხრივ, სწორი იქნებოდა მისი მხრიდან ერთჯერადად გადადგეს, იმიტომ, რომ მაინც ვერ და არ ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობებს და ამით ყველანაირი პრობლემა მოიხსნება. აღარ იქნება კამათი, ვინ უნდა უმასპინძლოს ვახშმად მისულ ამა თუ იმ პრეზიდენტს, ვინ უნდა მოაწეროს ხელი ამა თუ იმ დოკუმენტს, ვინ უნდა ჩაიბაროს აღლუმი, ასე რომ, პრეზიდენტ მარგველაშვილის ერთჯერადი გადადგომა ნამდვილად მოაგვარებდა პრობლემას. ეს არის სირცხვილი და ეს არის ივანიშვილის სინდისზე, იმიტომ, რომ მან გაბედა და მიაყენა შეურაცხყოფა ქართველ ხალხს, როდესაც უთხრა, რომ თქვენ ის უნდა აირჩიოთ პრეზიდენტად, ვინც მე მომწონსო და მეორე სირცხვილი ის არის, რომ ხალხმა მეტ-ნაკლებად ეს მიიღო. ასევე სირცხვილია ის, რომ ორი თვის შემდეგ განაცხადა, რომ თურმე შეცდა. ეს გაუგებრობა, რაც არის პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, ქვეყანას აყენებს უკიდურესად უხერხულ მდგომარეობაში”,– განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.