"ქართული ოცნება":-"ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ გარემოს დაძაბვას ცდილობს
"საარჩევნო ბლოკი "ქართული ოცნება" კატეგორიულად გმობს დღეს, რუსთავში, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში "ნაციონალური მოძრაობისა" და მათი აქტივისტების შეჭრის ფაქტს.
"ნაციონალური მოძრაობა" კვლავაც მიმართავს პროვოკაციულ ქმედებებს და ცდილობს წინასაარჩევნოდ გარემოს დაძაბვას.
ჩვენ ყოველთვის ვემიჯნებოდით ძალადობას, რისი დასტურიცაა რამდენიმე დღის წინ, ქალაქ რუსთავში მომხდარი ინციდენტის გამო "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გათავისუფლება.
სამწუხაროდ, მსგავსი გადაწყვეტილება ოპონენტებს წლების განმავლობაში ჩადენილი ძალადობის არცერთი ფაქტის გამო არ მიუღიათ, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს "ქართული ოცნების" ნებას, არჩევნები რეალურად მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, სამართალდამცავი ორგანოები სათანადო რეაგირებას მოახდენენ აღნიშნულ ფაქტზე და ინციდენტის მონაწილე პირები პასუხს აგებენ კანონის წინაშე.
იმედი გვაქვს, არასამთავრობო სექტორი მომხდარ ფაქტს შეაფასებს.
საკუთარ მხარდამჭერებს კი ვთხოვთ, მიუხედავად ყველფრისა, არ აყვნენ პროვოკაციას და შეინარჩუნონ სიმშვიდე", - ნათქვამია "ქართული ოცნების" განცხადებაში.