გლდანში 14 ოჯახს ბინები გადაეცათ

გლდანში 14 ოჯახს ბინები გადაეცათ

თბილისში, გლდანის მესამე მ/რ - ში მდებარე ყოფილი პოლიციის შენობაში, 14 დევნილ ოჯახს, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, საცხოვრებელი ბინები გადაეცათ. 

ოჯახებს, ახალი ბინების გასაღებები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მერაბ მენაბდემ, დევნილთა დეპარტამენტის უფროსმა მურად აბლოთიამ და მისმა მოადგილემ როსტომ კობახიძემ გადასცეს. 

 

გლდანის მესამე მ/რ - ში მდებარე ყოფილი პოლიციის შენობას დევნილთა სამინისტრომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარა და საცხოვებლად გადააკეთა.  სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანიამ შპს „ს.ე.ნ“ განახორციელა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ კი, 219 996 ლარი შეადგინა. 

 

შესახლებამდე ერთი დღით ადრე, დევნილთა სამინისტროში,  ბინები ფარული კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. კენჭისყრის მიხედვით გამოვლინდა, თუ ვინ რომელ სართულზე მიიღებს საცხოვრებელ ფართს. 2 სართულიან შენობაში სულ 14 ბინაა, აქედან  3 - ერთოთახიანი, 6 - ოროთახიანი, 5 - სამოთახიანი.

აღნიშნულ შენობაში ყოლბაიების სამსულიან ოჯახს 2 - ოთახიანი, ხოლო ჯანაშიების და როდონაიების 5 სულიან ოჯახებს 3 - ოთახიანი ბინები გადაეცათ. ეს ის ოჯახებია, რომლებსაც ყოფილი საცხოვრებლიდან, სასამართლოს წესით, გამოსახლება ემუქრებოდათ. 

 

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 10 - მდე დევნილი იყო დასაქმებული.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: