ევროპის საბჭოს კომიტეტის სხდომა 2 ივნისს პარიზში გაიმართება
ევროპის საბჭოზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი გუგული მაღრაძე მონაწილეობას მიიღებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობის და არადისკრიმინაციის კომიტეტის სხდომის მუშაობაში, რომელიც პარიზში 2 ივნისს გაიმართება.
კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალარჩეული პრეზიდენტი ანნ ბრასერი.
კომიტეტის სხდომაზე საფუძველი ჩაეყრება ევროსაბჭოს ახალ ინიციატივას - ჩამოყალიბდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ალიანსი "არა სიძულვილს". საპარლამენტო ალიანსი შეისწავლის და გამოავლენს ევროპის საბჭოს ქვეყნებში სიძულვილის ენის და სიძულვილის ქმედებების საფუძვლებს, მათი წარმოშობის წყაროებს, შეიმუშავებს სიძულვილის ენისა და სიძულვილის ქცევების პრევენციის მექანიზმებს და რეკომენდაციებს სიძულვილის ენის და სიძულვილის ქცევების შემცირების და აღმოფხვრისათვის ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში. კომიტეტის სხდომაზე შემუშავდება საპარლამენტო ალიანსის"არა სიძულვილს" ქარტია.
კომიტეტზე განსახილველად წარმოდგენილი საკითხებიდან აღსანიშნავია: "ქალთა მდგომარეობა განვითარებად დემოკრატიებში", "ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისათვის მოძალადეთა ქცევის კორექციის მნიშვნელობა", "თანასწორობა და არადისკრიმინაცია სამართლიანობისადმი წვდომაში", "შეუწყნარებლობის და დისკრიმინაციის მოგვარება ევროპაში ქრისტიანობაზე ფოკუსირებით", "თანასწორობა და ჩართულობა შეზღუდული უნარების მქონე პირთათვის", "რელიგიურ უმცირესობაში მყოფი მშობლების და შვილების უფლებების დაცვა", "აღმოსავლეთ ევროპიდან მომუშავე ქალების სამუშაო უფლებების დაცვა", "თანასწორობა და გაზიარებული პასუხისმგებლობა: მამების უფლებები".
კომიტეტზე დასახელდება ორგანიზატორები საერთაშორისო სემინარისთვის "ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში: გამოწვევები და შესაძლებლობები".