კახა კახიშვილი:-"მყისიერი რეაგირება ბევრად ადეკვატურია, ვიდრე დუმილის შენარჩუნება"
ექსპერტი კახა კახიშვილი თვლის, რომ დღეს არსებული საარჩევნო გარემოს შედარება "ნაციონალური მოძრაობის" სათავეში ყოფნის დროს შექმნილ გარემოსთან არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, ექსპერტი ბევრ პრობლემას ხედავს და აცხადებს, რომ ახალმა მთავრობამ კარგად მოირგო ის საარჩევნო კოდექსი, რასაც ოპოზიციაში ყოფნის დროს თავად ებრძოდა.
-"არ შეიცვალა საარჩევნო სიები, არ შეიცვალა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, არ შეიცვალა საარჩევნო დავების განმხილველი მექანიზმები, ამ ხელისუფლების პერიოდში უფლება წაერთვათ საინიციატივო ჯგუფებს, რომ წარედგინათ მერობის კანდიდატი, მერობის კანდიდატს აეკრძალა პროპორციულ საარჩევნო სიაში ყოფნა და ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც რჩება, საარჩევნო კოდექსით არ არის დადგენილი ის პარამეტრები, რამდენი პროცენტი უნდა გამოცხადდეს არჩევნებზე, რომ არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალოს. სულ რომ 20% მივიდეს არჩევნებზე, არჩევნები შემდგარად ჩაითვლება და იმ 20%-დან დაიწყებენ დაანგარიშებას. არ არის გათვალისწინებული იმ ამომრჩევლის აზრი, რომელიც ყველას წინააღმდეგ აძლევს ხმას. ასეთი გადახაზული ბიულეტინი ბათილად ითვლება, ამომრჩეველი კი საერთო რაოდენობას აკლდება. მაგალითად მივიდა 10 კაცი, აქედან 9-მ გადახაზა ყველა და ერთმა მხოლოდ ვიღაც ერთი შემოხაზა, ჩაითვლება, რომ მივიდა ერთი კაცი.
თვითმმართველობის არჩევნები საკმაოდ დაძაბული იქნება და ეს საერთოდ ასეა, რადგან თუ საპრეზიდენტო არჩევნების დროს სხვადასხვა პოლიტიკური პარტია ერთ კანდიდატზე მუშაობს გაერთიანებულად, ამ არჩევნებზე ყველა თავისი თავისთვის იბრძვის. წინასაარჩევნო პრაქტიკა კი ისევ ძველი დროიდან მოდის, რადგან ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც ერთი და იგი პარტიის წარმომადგენლები არიან, უბრალოდ ზოგი მომქმედი, ზოგი ყოფილი. თუ რეგიონებში გადავხედავთ თუნდაც "ქართული ოცნების" სიებს და შტაბს, ვნახავთ, რომ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც მანამდე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებად ითვლებოდნენ, მათ სხვა პრაქტიკა გარდა დაპირისპირებისა და დაშინებისა არ აქვთ და ამ ნაცად ხერხს იყენებენ ახლაც. აქ კი საჭიროა მთავრობის სწრაფი რეაგირება, რომ მომავალში მაინც არსებობდეს ასეთი პრაქტიკის შემაკავებელი ბერკეტები. მყისიერი რეაგირება ზოგ შემთხვევაში ბევრად ადეკვატურია, ვიდრე დუმილის შენარჩუნება".