მამა თეოდორე გიგნაძე:,,პატრიარქს 25 წელია პერმანენტულად ებრძვიან, მაგრამ ავტორიტეტი ვერ შეურყიეს!"
,,ივერიონს" ესაუბრება ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა თეოდორე გიგნაძე.
-მამაო, საზოგადოებაში ვრცელდება საგანგაშო ინფორმაცია, რომ ხვალ, წმინდა სინოდის კრებაზე, პატრიარქის საწინააღმდეგო ქმედება იგეგმებ - მას გადააყენებენ და პენსიაზე გაუშვებენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად ახლოსაა ეს რეალობასთან?
-მე არ ვარ საპატრიარქოს თანამშრომელი, მაგრამ ვესაუბრე ამ ინფორმაციის შესახებ მის წარმომადგენლებს და დამიდასტურეს, რომ ეს ჭორია!
პატრიარქის გადაყენება რომ ადვილი საქმე არ არის, ესეც კარგად იცის ყველამ. რომც მოინდომონ, ამის რესურსი არ ეყოფათ!
-ამბობენ, რომ წმინდა სინოდი ,,ნაციონალური მოძრაობის" და მისი რეჟიმის მომხრე მეუფეებითაა დაკომპლექტებული. თქვენი აზრით, როგორია ბალანსი წმინდა სინიოდში?
-არ არის გამორიცხული, რომ გარკვეულ საკითხებში, აზრთა სხვადასხვაობა იყოს ცალკეულ ეპისკოპოსებსა და მათ ჯგუფებს შორის, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ, ეპისკოპოსებს შორის არის არა რაოდენობრივი, არამედ თვისობრივი სხვადასხვაობა. ასე რომ არ იყოს, ბევრი ცუდი მოხდებოდა ეკლესიისთვის.
მე არ გამოვრიცხავ, რომ ვინმე პოლიტიკურად სპეკულირებდეს კიდეც, რაც დიდი ცოდვაა. ჩვენ ჩვენს სიმპატიებს პოლიტიკური პარტიების მიმართ არ უნდა ვამჟღავნებდეთ. მე თუ ჩემი სიმპატია გამოვამჟღავნე ჩემთან მოსული პოლიტიკოსების მიმართ, ვერასდროს მოვიზიდავ მათ. ეს სასულიერო პირის სისუსტე მგონია, რაც, ვიმეორებ, ცოდვაა!
-თუ გავრცელებული ვარაუდი გამართლდა, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას?
-მიჭირს ამაზე საუბარი... ხშირად მესმის, რა გვეშველება, რომ არ გვყავდეს პატრიარქიო. მე გიპასუხებთ, რადგან არის, ესე იგი, ეს ღვთის ნებაა! ამ შეკითხვის დასმა იგივეა, რომ ვიკითხოთ, ღვთის ნება სხვანაირიც რომ იყოს?...
-არსებობს თუ არა პატრიარქის გადაყენების ან პენსიაზე გაშვების პრაქტიკა საეკლესიო ისტორიაში?
-როგორ არა, მსგავსი რამ მოხდა თანამედროვე იერუსალიმის საპატრიარქოში. წარმოიდგინეთ, მეოთხე საუკუნეში იოანე ოქროპირიც გადააყენეს თანამდებობიდან, რაც უკანონო იყო სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ ამით მისი სიდიადე უფრო დაიბეჭდა.
გვახსოვდეს, რომ ერთი ღერი თმაც არ დავარდება ღვთის ნების გარეშე!
-მამაო, პატრიარქის გადაყენებისა და პენსიაზე გაშვების შესახებ ინფორმაცია ჭორიც რომ იყოს, რამდენად სამართლიანია მისი გავრცელება?
-ვადასტურებ, რომ ჩვენი პატრიარქი ბევს არ მოსწონს. მას 25 წელია პერმანენტულად ებრძვიან, მაგრამ ავტორიტეტი ვერ შეურყიეს. ეს არც გამოუვათ, რადგან ვინმეს ავტორიტეტი რომ შეარყიო, მასზე ავტორიტეტული უნდა იყო. იმედია, მიხვდებიან თავიანთ შეცდომას და დაანებებენ პატრიარქს თავს!
-სხდომაზე რა საკითხების განსახილველად იკრიბება წმინდა სინოდი?
-რამდენიმე ახალი ეპისკოპოსი უნდა გამოირჩეს და ანტიდისკრიმინაციული კანონი უნდა განიხილონ.
-განიხილება კანონპროექტი მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ. მისაღებია თუ არა ეს მართლმადიდებელი მრევლისთვის და რა შედეგს მოუტანს სახელმწიფოს?
-ეს ყოვლად დაუშვებელია! იმას, ვინც ამ კანონებს ხელს აწერს, არა მგონია სახლში მეძავის, ჰომოსექსუალის ან ნარკომანის ყოლა სურდეს. მე ვურჩევ სახელმწიფოს, წაახალისოს მრავალშვილიანობა, თორემ ასეთი უზნეობის წახალისებისთვის ღმერთთან აგებს პასუხს!
ესაუბრა ია ჯღარკავა