თემურ შაშიაშვილი: „ხელისუფლება გასულია ხალხის კონტროლიდან“

თემურ შაშიაშვილი: „ხელისუფლება გასულია ხალხის კონტროლიდან“

გვესაუბრება პოლიტიკური პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი

 

- ბატონო თემურ, თქვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის მერობის კანდიდატად იყრით კენჭს. ეს ის ქალაქია, რომელსაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდით. სხვათაშორის, ამ ბოლო ხანებში,  ქუთაისს მერი ვერ დაებედა, თითქმის ყოველთვე იცვლებიან. დღეს რა ხდება ქუთაისში?

- ქუთაისში იმაზე უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ხელისუფლებას, პოლიტიკოსებსა და ხალხს ჰგონიათ. ქალაქში ის ბუტაფორიებიც გაფუჭდა, რაც იყო. კომუნალური კეთილმოწყობის სამსახური ფულის კეთებაზეა გადასული და 4 მილიონს ხარჯავენ იმაში, რასაც ადრე 400 000 სჭირდებოდა. 20 თეთრიანი საქმე 1 ლარად კეთდება. დიდი ძალისხმევაა საჭირო ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, რადგან ხალხს ძალიან უჭირს.  

,,ქართულ ოცნებას“ დანაპირები რომ შეესრულებინა, კენჭს არ ვიყრიდი, მაგრამ ახლა არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა არ შემიძლია.

მე ,,ქართულ ოცნებას“ თავის დროზე შანსი მივეცი, სანიკიძეს გვერდზე დავუდექი, მაგრამ დღეს ვხედავ, რომ ,,ნაციონალები“ და ,,ოცნება“ ერთმანეთს უშლიან ხელს კარგი საქმის კეთებაში.  ესენი მხოლოდ სკამებს უმიზნებენ - ერთ სკამზე 10 კაცი ზის.

ნიუ-იორკის მერიაში 400 კაცი მუშაობს, ქუთაისისაში 700-ზე მეტი. 11 მილიონი ჯდება საკრებულოსა და მერიის მომსახურება, როცა მესხიშვილის, ფოლკლორისა და თოჯინების  თეატრმა, ქუთაისის რაგბისა და ფეხბურთის მოედნებმა 6-7 მილიონით უნდა ისულდგმულონ?! მე მერად კენჭისყრა მხოლოდ იმიტომ ავირჩიე, რომ არავინ მითხრას ქუთაისში, რატომ არ დადექი ჩვენს გვერდითო...

გუშინ ერთ პატარა სკვერში ვხვდებოდი ამომრჩეველს, ,,ოცნების“ კანდიდატიც სწორედ მაშინ  მოვიდა.  ცდილობენ, ჩემი და მათი შეხვდრები ერთმანეთს დაამთხვიონ. ის რომ წავიდა, მე მათთან თავმოყრილ ხალხთანაც  გამოვედი სიტყვით და ბოლოს ყველა  ტაშით დამემშვიდობა.

- თუ ვერ გახდით ქუთაისის მერი, ეს ნიშნავს  იმას, რომ არჩევნები გაყალბდა თუ მოდაში აღარ არის თემურ შაშიაშვილი. მით უმეტეს, თქვენ არა მხოლოდ ქუთაისს, არამედ რეგიონს ხელმძღვანელობდით?

- ხალხს კარგი მეხსიერება აქვს. მათ იციან, რომ მე არც  ,,მხედრიონი“  მიპარპაშებია ქუთაისში, არც ქურდები ,,გამიხარებია“, არც ტანკები შემომიშვია და  აფხაზეთის ომის დროს ასაფეთქებლად განწირულ თვითმფრინავშიც ვმჯდარვარ, სამხედრო ლიცეუმი შევქმენი, გერმანულ-ქართული კულტურის ცენტრი დავაარსე, ავაშენეთ 30 ჯაჭვის ხიდი, 93-96 წლებში ვიყავი ქუთაისის მერი, შემდეგ იმერეთის გუბერნატორად ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ დამნიშნეს  და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსაც მიერთებდნენ სახელმძღვანელოდ.

 ამერიკასა და ევროპაში 20 წელი უყურებენ პიროვნებას, სხვაგვარად მაღალ პოსტს არ ანდობენ;  60 წელს თუ არ გადააჭარბე, იაპონიასა და ჩინეთში თანამდებობაზე არ დაგნიშნავენ. საქართველოში პოლიტიკა საბავშვო საქმეა  და  მიკვირს, ამ მდგომარეობაშიც რომ ვართ!

,,ნაციონალებსა“ და ,,ქართულ ოცნებას“ მოსწონთ  80 წლის ამერიკელი მაკკეინის აზროვნება, მაგრამ თვითონ 50-60 წლის კადრი სამსახურში არ სჭირდებათ!

- თქვენ რომ ქალაქის მერად აგირჩიონ, რით დაიწყებდით?

- პირველ რიგში, მართვის სისტემას შევცვლიდი, სამუშაო ადგილებს შევქმნიდი, გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმარებოდი, ნიჭიერს პოლიტიკური მრწამსის გამო გზას არ მოვუჭრიდი, ერთ ვიცე-მერს უნივერსიტეტს დავანიშნინებდი, მასწავლებლებს თავისი წარმომადგენელი ეყოლებოდათ მერიაში...

არც ერთ ხელისუფალს მერიაში ავტომანქანა არ მოემსახურება და ივლიან ფეხით, ყველანი ვიქნებით ხალხთან და ხალხში, ჩვენ ვართ ხალხის მსახურები და არა უფროსები! ჩვენ არ დავუპირისპირდებით ხელისუფლებას, მაგრამ არც თავზე დავისვამთ მას.

- გაუმართლა ქუთაისს  და საქართველოს მეორე დედაქალაქი გახდა. დაეტყო თუ არა ეს ქუთაისის მოსახლეობას და როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა საქართვლოს პარლამენტი ქუთაისში?

- სიტყვა ,,მეორე“ მიუღებელია ქუთაისისთვის. ის არც პირველია, უბრალოდ, ევროპული ყაიდის ქალაქია. თუ ჩვენ საქართველოს ერთიანობა გვინდა, უნდა გვქონდეს ერთი პოლიტიკური ცენტრი. როცა აღმაშენებელმა ტახტი ქუთაისიდან თბილისში გადაიტანა, არავის გასჩენია კითხვები. იმ ქვეყნებში, სადაც ორ ქალაქს პოლიტიკური ცენტრობის პრეტენზია  აწუხებს, ომი და უბედურებაა. პარლამენტი სადაც უნდათ იქ წაიღონ, ქუთაისს გამოუყონ 500 მილიონი ასაღორძინებლად.

 ვისაც ქუთაისთან ჩაუვლია, ის ქუთაისში არ ყოფილა და მე მივმართავ ხელისუფლებას: ,,თითს ნუ გვიქნევთ, თუ თქვენგან მხადრაჭერილმა  ხალხმა გაიმარჯვა არჩევნებში, ქვეყანა დაიქცევა!  ბატონო პრეზიდენტო და პრემიერო, ნუ ერევით იმ  საქმეებში, სადაც საქმე არ გაქვთ. თუ ქუთაისის კეთილდღეობა არ გინდათ, მაშინ მებრძოლეთ, რომ არ გავიმარჯვო. დღეს ერთი კაცის გასაკეთებელს 10 აკეთებს და ამიტომ ვერ მიდის საქმე წინ!“

- როგორ შეაფასებთ დღევანდელ წინასაარჩევნო კაპანიას. განსხვავდება თუ არა იგი ,,ნაციონალური“ არჩევნებისგან და არსებობს თუ არა ტოტალური გაყალბების საფრთხე?

- ამ ხელისუფლების ბედი ამ არჩევნებზე წყდება. თუ გააყალბებენ არჩევნებს და ხელისუფლებაში თავიანთ ხალხს მოიყვანენ, სულ დავიქცევით. ერთმა ასაკოვანმა კაცმა მითხრა, ამხელა კაცი ვარ და ლენინის სურათი არ მინახავს ამდენი, რამდენიც მერობის კანდიდატების სურათებია  ქალაქშიო. ფულიანები პარპაშობენ, მე კი  აქა-იქ მაქვს გაკრული ჩემი სურათები, ხალხი ჩემი ყურებით რომ არ დაიღალოს. ევროპაში არც ერთი ბანერი არ არის  წინასაარჩევნოდ და მხოლოდ ტელევიზიებში გამოდიან. აქ ვის აქვს ამის ფუფუნება ხელისუფლების გარდა?! ბევრმა არც იცის, რომ არჩევნებში ვმონაწილეობ.

- როგორ შეაფასებთ ანტიდისსკრიმინაციული კანონის მიღებას?

- იმ  ევროპულმა ქვეყანებმა, რომლებმაც მიიღეს ეს კანონი, სახელმწიფოებრიობა დაინგრიეს. რაც დღეს პატრიარქის წინააღმდეგ ხდება, ამ კანონის გაგრძელებაა.

ერთხელ  შევარდნაძეს შევხვდი და ასე მითხრა, ისეთ რამეს მოითხოვს ჩემგან ევროპა, ეს რომ გავაკეთო, ჩემი გვარის ხსენება არ იქნება საქართველოში და მირჩევნია გადავდგეო. მეც ბედნიერი ვარ, რომ ევროპული სექტების მოთხოვნები გაპრეზიდენტებისა და გაპრემიერების სანაცვლოდაც არ მოვინდომე.

ეს კანონი სექსუალური აღვირახსნილობის სტიმულატორია და ამის წარმომადგენლები ავადმყოფები არიან, თუმცა  საავადმყოფოების  ნაცვლად ტელევიზიებში სხედან.

- თქვენი აზრით, ჩამოყალიბდება თუ არა ქვეყანაში მესამე პოლიტიკური ცენტრი ბურჯანაძის ალიანსის სახით?

- ეს მთავარი ცენტრი უფრო იქნება და მას უხელმძღვანელებს ხალხი! რაც შეეხება ბურჯანაძის ალიანსს, ის სერიოზული ძალაა. აი,  სხვა  არასაპარლამენტო პარტიებს, მოსყიდვების გარეშე, ვერ წარმომიდგენია, საიდან აქვთ ამდენი ფული, ასე კარგად რომ ცხოვრობენ?!

- ამ ბოლო ხანებში პოპულარული გახდა ლევან ვასაძე და მოსი მიმართვა ხელისუფლებისადმი. სად მოიაზრებთ მას - პოლიტიკაში თუ სამოქალაქო სექტორში?

- მე პოლიტიკური ცენტრის  წინააღმდეგი ვარ. ასეთი ცენტრები  გარედან იმართება. ხალხი მალე წალეკავს ამ პოლიტიკოსებს.

განა მხოლოდ თბილისშია ყბადაღებული პრემიების თემა, ნახეთ, რა ხდება რეგიონებში. ივანიშვილმა თქვა, სამოქალაქო სექტორში გადავალ, რომ ხალხმა მთავრობა აკონტროლოსო, მაგრამ ხედავთ, რომ ხელისუფლება გასულია ხალხის კონტროლიდან.

მე ვურჩევ ვასაძეს, დარჩეს იმად, რაც არის. არ მოვიდეს ხელისუფლებაში, თორემ უარესი დაემართება, რაც ბიძინას ერგო მოსახლეობისგან!

 

 

ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: