ბრავო, ,,ნაციონალებს“! ანუ ვის დარჩება სკამები?!
მოგეხსენებათ, ,,ნაციონალური“ არჩევნების პერიოდში, სკოლების პოლიტიზებას დირექტორები უწყობდნენ ხელს, ,,ზედამხედველებისგან“ კი ქურქს, კურორტსა და გარანტირებულ დირექტორობას იღებდნენ საჩუქრად. ისიც ფაქტია, რომ საათებსა და პრივილეგიებს ,,ნაციონალ“ მასწავლებლებზე გასცემდნენ, ,,დაუმორჩილებლებს“ კი სკოლიდან კისრისტეხით აძევებდნენ.
მართალია, მთავრობა შეიცვალა, მაგრამ ,,ნაციონალი“ დირექტორები ისევ ყელყელაობენ - მდგომარეობასაც იმყარებენ და , ვინ იცის ...
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ყველას ეგონა, რომ მათ პარპაშს ( ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით), ბოლო მოეღებოდა, მაგრამ პირიქით - სკოლებიდან ,,საპატიოდ“ რომ წასულიყვნენ, განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლის დირექტორის კონკურსი გამოაცხადა.
ცნობილია, თუ რა შეცდომები აღმოჩნდა ტესტებში და რა დარღვევებით ჩატარდა კონკურსი, თუმცა ,,ნაციონალი“ დირექტორების უმეტესობისთვის არა, რადგან, ზოგიერთი მიდგა-მოდგა და საგამოცდო ტესტებიც ,,გააჩალიჩა“. მიუხედავად ამისა, ბევრი მათგანი და ,,მათიანი“ ჩაიჭრა, (რა თქმა უნდა, უმეტესად სხვა მიზეზით), მინიმალური 72 ქულის გარანტირებულად მიღებით აჟიტირებულებმა მექანიკური შეცდომა დაუშვეს.
,,ოცნებისგუნდის“ კონკურსანტებში პროტესტმა იმატა, რადგან დაინახეს, რომ ,,ნაციონალი“ დირექტორები ერთმანეთის ტყვავს არ ხევდნენ, ხოლო ე.წ. ოცნების გუნდის სამომავლო დირექტორები, საგამოცდო ტესტებზე ხელის მიუწვდომლობის გამო, პანტაპუნტით იჭრებოდნენ.
,,სააკაშვილივით უნდა მოქცეულიყო ეს მთავრობაც... კონკურსი არა, ის... ვინც მიშას მთავრობას სჭირდებოდა, დირექტორიც ის იყო... ვითომ არ ბაძავს ,,ოცნება“... მოეცათ ტესტები... იყონ ახლა ისევ ნაციონალების“ ხელში... ისინი ,,მათზე „ ძლიერნი აღმოჩნდნენ ამაშიც!“
,,როგორც გავიგე, ,,ნაციონალ“ დირექტორებს მხოლოდ პაროლის ჩაწერა ევალებოდათ კომპიუტერში და მზა პასუხები ხვდებოდათ ეკრანზე!“ - აცხადებენ კონკურსანტები.
თურმე არანაკლებ ,,საინტერესო“ რამ ხდებოდა გასაუბრებაზეც, როცა ე.წ. ნაციონალი დირექტორები ლამის იქით ,,ჭრიდნენ“ კომისიის თავმჯდომარე თამარ სანიკიძეს და მის ამქარს. (,,ოცნების გუნდმა“ აქაც ჩაილურის წყალი დალია).
საქართველოს საჯარო სკოლებისთვის დირექტორთა საჭირო რაოდენობა ვერ შეირჩა და წელს ახალი კონკურსი გამოცხადდა. წელსაც ,,დამსახურებულად“ გაიმარჯვეს 300-400-ლარიან ტრენინგგავლილმა ,,ნაციონალმა“ დირექტორებმა და ეს საზეიმოდაც აღნიშნეს.
რატომ ებღაუჭებიან, განსაკუთრებით თბილისში, სკოლის დირექტორის სავარძელს? იმიტომ ხომ არა, რომ რაღაც-რაღაცის მუდმივად გარემონტების ხარჯზე ფულის
კეთება ,,სუფთად“ შეიძლება?! აი, ,,სასწავლო პროცესის გარემონტებაზე“ კი საერთოდ არავინ ფიქრობს - ბევრია ისეთი დირექტორი, რომელიც მოსწავლეთა მიმართ აგრესიით გამოირჩევა, ბევრს ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქვს და, ასობით მოსწავლეს კი არა, ორ ბატს არ ჩააბარებს კაცი.
გასაუბრების თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ვნახოთ, ვის ხელში დარჩება საჯარო სკოლები, აღდგომა ხვალეა!